11:08 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
114 0 0

9 მაისს სომხურ ტელეარხ „შანტზე“ შედგება ომის ვეტერანსა და მზვერავზე პეტროს პეტროსიანზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა „ჭკუით მოპოვებული გამარჯვება“. ფილმის ავტორი და რეჟისორი საქართველოში მცხოვრები ვიქტორია მაქსოევაა.

ანასტასია შრაიბერი

მაქსოევა - რეჟისორ-დოკუმენტალისტი და არასამთავრობო მოძრაობა „აგორა-ჯორჯიას“ ხელმძღვანელია. მისი საქმიანობა რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განმტკიცებისკენაა მიმართული. ორგანიზაციის მიერ გადაღებულ შვიდ ფილმს ევროპასა და რუსეთში სხვადასხვა კინოპრემია აქვს მიღებული.

ადამიან-ლეგენდაზე, ომის გმირზე, სომხეთის ვეტერანთა კომიტეტის თავმჯდომარეზე ფილმის გადაღების იდეა რეჟისორს, როგორც თავად ამბობს, სრულიად შემთხვევით გაუჩნდა, როდესაც სოციალურ ქსელში დიდი სამამულო ომის ვეტერანის ფოტო და მასზე დართული მოკლე კომენტარი ნახა.

„თავში მაშინვე რაღაც იმპულსი გამიჩნდა, მიბიძგა ინტერნეტში გმირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და მეტის გაგებისკენ. - უამბობს „Sputnik-საქართველოს“ რეჟისორი, - და გადაწყვეტილებაც მივიღე - წავსულიყავი სომხეთში და გადამეღო ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ფილმი.

მაშინ არც კი ვიცოდი, ვინ დამიდგებოდა მხარში და დამეხმარებოდა გმირზე ფილმის გადაღებაში, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი კოლეგა ერევნიდან, ოპერატორი გარიკ აბელიანი მეტყოდა: „დიახ“. მართალიც აღმოვჩნდი“.

Съемки фильма Виктории Максоевой Победа, одержанная умом
photo: courtesy of Viktoriya Maksoeva
მაქსოევას ფილმის „ჭკუით მოპოვებული გამარჯვება“ გადაღებებისას

შეხვედრა პეტროს პეტროსიანთან შედგა. მაქსოევას თქმით, თავდაპირველად ვეტერანი ცოტა შებოჭილი იყო. „საქართველოდან ვიყავი ჩასული, მაგრამ ჩემმა კარგმა სომხურმა და პოლკის მეთაურ ბაბუაზე მონათხრობმა, რომელიც ომის პირველივე დღეებში დაიღუპა ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან, ვეტერანი ცოტათი დაამშვიდა“, - აღნიშნავს მაქსოევა.

„როდესაც მთელი ცხოვრება - ომია“ - მეორე მსოფლიო ომის 102 წლის ვეტერანის ტრაგიკული ისტორია>>

ფაშიზმზე გამარჯვების თემა აერთიანებს ერებს არა მხოლოდ პოსტსაბჭოური სივრცის სხვადასხვა ქვეყნიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან, აღნიშნავს რეჟისორი: „ამიტომ კაბინეტში, ქუჩაში რამდენიმე ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ადამიანს, რომელიც, თავისი 97 წლის მიუხედავად, შესანიშნავ ფორმაშია და ვეტერანთა კომიტეტში უამრავ საქმეს აკეთებს, სახლში ვესტუმრეთ, სადაც საუბარი ყველაზე ემოციურ თემებზე გაგრძელდა“.

Съемки фильма Виктории Максоевой Победа, одержанная умом
photo: courtesy of Viktoriya Maksoeva
მაქსოევას ფილმის „ჭკუით მოპოვებული გამარჯვება“ გადაღებებისას

სწორედ სომეხი გმირის სახლში ჩაიწერეს ქართველმა კინემატოგრაფისტებმა, მათი თქმით, ფილმის საუკეთესო მომენტები. „პროფესიონალებს, რომლებმაც ჩვენი ნამუშევარი უკვე ნახეს, ამ ისტორიებმა გული აუჩუყა“, - აღნიშნავს ვიქტორია.

ფილმში ექსკლუზიურად ჟღერს რუსი ავტორის - ევგენია რუბილინას სიმღერა „დამელოდე და დავბრუნდები“. ფილმის გადაღებები იანვრის ბოლოს შედგა, ერთ თვეში კი სურათი მთლიანად უკვე მზად იყო.

„ომისთვის მას სწორედ საქართველოში ამზადებდნენ“

პოლკოვნიკი პეტროს პეტროსიანი 1923 წელს ქალაქ ალექსანდროპოლში (ამჟამად - გიუმრი) დაიბადა. 1941 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე წითელი არმიის რიგებში მოხალისედ ჩაეწერა.

ომისთვის მას სწორედ საქართველოში ამზადებდნენ, მთელ საბჭოთა კავშირში სახელგანთქმულ თბილისის საარტილერიო სასწავლებელში.

პეტროსიანი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა არაერთ ფრონტზე, სამჯერ დაიჭრა, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ ფრონტს უბრუნდებოდა.

ომის შემდეგ მსახურობდა დაზვერვაში. მისი საბრძოლო მუნდირი 7 კგ-ზე მეტს იწონის - მთლიანად ორდენებითა და მედლებითაა დაფარული.

„ჩვენი ფილმი დოკუმენტურია. მისი ქრონომეტრაჟი 32 წუთია. გულგრილს ნამდვილად არავის დატოვებს, რადგან სავსეა იმ ადამიანის ბედისა და ცხოვრების დრამატიზმით, რომელიც თავსა და სიცოცხლეს არასდროს ზოგავდა გამარჯვებისთვის“.

„ფილმის ენა არის რუსული, ვინაიდან გვინდოდა ჩვენს გმირზე გაეგოთ ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან“, - ამბობს სურათის ავტორი და სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მადლობას უხდის გადამღები ჯგუფისათვის აღმოჩენილი დახმარებისთვის.

ბრძოლებზე, რომლებშიც პეტროსიანი მონაწილეობდა, ფილმში საუბრობს თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი პრეს-მდივანი არწრუნ ოვანისიანი. სამინისტრომ ფილმის ავტორებს შესაძლებლობა მისცა, ჩაეწერათ საზეიმო სცენები თავიანთი სამხედრო ორკესტრის მონაწილეობით.

Съемки фильма Виктории Максоевой Победа, одержанная умом
photo: courtesy of Viktoriya Maksoeva
მაქსოევას ფილმის „ჭკუით მოპოვებული გამარჯვება“ გადაღებებისას

„ჩვენ მივმართეთ სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფილმის შესახებ სარეკლამო საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში მხარდაჭერის იმედით. პასუხს ჯერ ველოდებით, - ამბობს მაქსოევა. - ვსარგებლობთ შემთხვევით და გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ სომხეთის პარლამენტის დეპუტატებს ალექსეი სანდიკოვს, მანველ არევშატიანს, ინა ადამაშვილსა და სხვებს“.

მაგრამ ამ ფილმით ომის თემა ამოწურული არ არის, დასძენს ვიქტორია. „არ გავამხელ ყველა შემოქმედებით საიდუმლოს, მაგრამ ვიტყვი, რომ დიდი სამამულო ომის თემა, რომელმაც სომხეთში, საქართველოში, რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არც ერთ ოჯახს არ აუარა გვერდი, და რომელიც გვაერთიანებს ყველას საერთო ტკივილითა და სიამაყით ჩვენი ბაბუების გმირობით - ძალიან მნიშვნელოვანია“, - ხაზგასმით ამბობს მაქსოევა.

რეჟისორი იმედოვნებს, რომ მისი მომდევნო სურათი მიეძღვნება ქართველ გმირებს, რომლებმაც გამარჯვებას თავი მსხვერპლად შესწირეს.

„მე უკვე დავწერე მხატვრული ფილმის სცენარი, რომელშიც ქართველები, სომხები, ყაზახები, რუსები, უკრაინელები - ყველანი ერთად ცდილობენ მსოფლიოს გადარჩენას ფაშიზმისგან. ამ იდეის ხორცშესასხმელად პროდიუსერებს ვეძებთ“, - ამბობს ვიქტორია.

რაც შეეხება დოკუმენტურ ფილმს „ჭკუით მოპოვებული გამარჯვება“, მისი საინფორმაციო პარტნიორია ტელეარხი „შანტი“. სწორედ მისი ეთერით ნახავს მაყურებელი პირველად ფილმს 9 მაისს. შემდეგ ფილმს ერთ-ერთი რუსული არხით აჩვენებენ.

მთავარი თემები