მირანდა ოგანეზოვა
საქართველოში სამხედრო მოსამსახურეებს მკურნალობდნენ 70-ზე მეტ საევაკუაციო ჰოსპიტალში, რომლებიც საავადმყოფოების, სანატორიუმების, სკოლებისა და სხვა დაწესებულებების შენობებში გაიხსნა.
დიდი სამამულო ომის ვეტერანმა, ღირსების ორდენის კავალერმა ეკატერინე ამირბეგოვამ ისაუბრა საევაკუაციო ჰოსპიტალზე №1434, რომელიც თბილისში 26.06.1941 – 01.03.1946 პერიოდში ფუნქციონირებდა.
„ძვირფასო ექიმო კატიუშა! ეს 38 წელი სულ გიხსენებდით თქვენ და იმ ღამეს, როცა ერთი წუთითაც არ მტოვებდით, სანამ სიცოცხლის ნიშანი არ მოგეცით. თქვენმა თბილმა დამოკიდებულებამ გამაძლიერა სულიერად, მომცა სასიცოცხლო ძალა და მე გადავრჩი... სანამ ცოცხალი ვარ, სანამ ჩემი გული ძგერს, არ დავივიწყებ თქვენ ერთგულებას და დაჭრილებისადმი პატიოსან, ნამდვილი ექიმის დამოკიდებულებას... გილოცავთ თქვენ და თქვენს ყველა კოლეგას, ვინც ომის სიმწარე საკუთარ მხრებზე გადაიტანა, გამარჯვების დიდ დღესასწაულს. თქვენი ყოფილი დაჭრილი ავადმყოფი 1942-43 წლებში, ამჟამად კიევის ოლქის ბროვარის საქალაქო საბჭოს დეპუტატი მ. ალექსეენკო“.
რამდენი რამ განვლო, უკვე აღარ ახსოვს. რამდენი მებრძოლი გადაარჩინა და რამდენის გადარჩენა ვერ შეძლო – არ დაუთვლია. 20 წლის გოგონას სუსტ მხრებზე უზომო სიმძიმე დააწვა. ახლა, ომის დამთავრებიდან 75 წლის შემდეგ ეკატერინე ამირბეგოვა კვლავ დიდი სიმწარით იხსენებს იმ მეომრებს, რომლებიც ამდენი ხნის წინ დაიღუპნენ.
„გვყავდა ერთი მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი, მუსიკოსი მელნიკოვი რუსეთიდან, ინტელიგენტების ოჯახიდან. როდესაც ვკითხე, თანახმაა თუ არა ოპერაციაზე, უარი მითხრა. ასე თქვა, თუ ვერ გადავიტან და მოვკვდები, თან შენს სახეს წავიღებო. ვერ გადარჩა“.
ამირბეგოვა მასზე ისე ლაპარაკობს, როგორც თავისიანზე და ფიქრობს, რომ ჯარისკაცის ნათესავებს შეიძლება ვერც გაეგოთ მისი ბედის შესახებ. ეს ღირსებას არ გვმატებს, რომ ამდენი მსგავსი ისტორიაა, ჯარიკაცების ისტორია, რომელთა სიცოცხლეც თბილისის ჰოსპიტლებში შეწყდა და რომელთა შესახებ მათი ოჯახებისთვის არაფერია ცნობილი. ზოგი ჯარისკაცი ვერ იხსენებდა წარსულს, ზოგი ისე იყო დასახიჩრებული, რომ არ სურდა საკუთარი თავის შესახებ რამის თქმა, ან მათი სახლები ფაშისტების მიერ იყო განადგურებული. მათი უკანასკნელი ნავსაყუდელი ქართული მიწა გახდა.
მაგრამ იყო შეხვედრების სასიხარულო მომენტებიც, როდესაც ათწლეულების შემდეგ ყოფილი ჯარისკაცები ბრუნდებოდნენ საქართველოში და თავიანთ მხსნელ ექიმს ეძებდნენ.
თბილისში მხოლოდ ექიმი ქალები დარჩნენ...
1941 წლის 22 ივნისი, ლევიტანის მიმართვა, რომლის ხმა მოგვიანებით გამარჯვების ხმა გახდება... მილიონობით ადამიანი სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჰყვებოდა ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ გაიგეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ომის დაწყების შესახებ. გამონაკლისი არც 20 წლის ეკატერინე ამირბეგოვა ყოფილა. თუმცა, ექიმის პროფესია მშვიდობიან დროს შეარჩია, მას არც უფიქრია, რომ მისი 70-წლიანი კარიერა სწორედ მშობლიურ სკოლაში დაიწყებოდა.
„თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი. იქ ასევე გახსნილი იყო პედიატრიული, სანჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაულტეტები. მახსოვს, მეგობარი მარიკა სვანიძის სახლში ვიყავი და უცბად მის მამას მთელი ხმით ვიღაცამ რუსულ ენაზე დაუძახა: „ამბროსი პავლოვიჩ, ომი დაიწყო!“ ჩავრთეთ რადიო, დიქტორი ლევიტანი აცხადებდა, რომ დილის 4 საათზე, ყოველგვარი ომის გამოცხადების გარეშე გერმანიის შეიარაღებული ძალები საბჭოთა კავშირის საზღვრებს უტევდნენ... ეს საშინელება იყო. მაშინვე სახლში გავიქეცი, მაშინ საბჭოს ქუჩასთან ვცხოვრობდით, მაქსიმ გორკის ძეგლთან ახლოს. ქალაქის ქუჩები უკვე დაცარიელებული იყო, მხოლოდ ახალგაზრდები მიიჩქაროდნენ სამხედრო კომისარიატისკენ. ეს იყო ომის პირველი დღე“.
ომის დროს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა, რომელმაც ფრონტზე სამი ათასზე მეტი მედმუშაკი გაგზავნა, მუშაობა საევაკუაციო ჰოსპიტალში გადაწყვიტა, სადაც მძიმედ დაჭრილები იყვნენ მოთავსებული. მიუხედავად ბიძის, ჰოსპიტლის უფროსის რჩევისა, მან ჯიუტად დაიჟინა, რომ მისი ადგილი დაჭრილი ჯარისკაცების გვერდით იყო.
„ჩვენი კურსის სტუდენტები ვადამდე გამოუშვეს, 1942 წლის აგვისტოში, როდესაც უკვე ჩამოყალიბებული იყო ყველა საევაკუაციო ჰოსპიტალი. მრავალპროფილური ჰოსპიტლები იყო. მხოლოდ ძველი კალინინის, ამჟამად ჯავახიშილის ქუჩაზე ოთხი ჰოსპიტალი ფუნქციონირებდა. იმავე ქუჩაზე იყო რკინიგზის სკოლა-ინტერნატი №4/5, რომელიც დავამთავრე და რომელშიც გახსნილი იყო საევაკუაციო ჰოსპიტალი №1434, სადაც მუშაობდა ჩემი ბიძა, დედის ძმა ვასილი მჭედლოვი. ყველა ფრონტზე წავიდა. სწავლის დროს ჩვენი კურსელი ბიჭები სარატოვში წაიყვანეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად, იქიდან კი პირდაპირ ფრონტზე გაგზავნეს.ზოგი მათგანი დაიღუპა. თბილისში მხოლოდ ქალი ექიმები დარჩნენ. ბიძაჩემს ვთხოვე, სამსახურში ავეყვანე. გაუკვირდა: „ახალგაზრდა ქალი ხარ, ჯობს პედიატრად იმუშაო, ამდენი თავისუფალი ადგილია სხვა კლინიკებში“. ამაზე ვუპასუხე: „არავითარ შემთხვევაში“. 12 დღე მის კაბინეტში ვიჯექი და ვუმტკიცებდი, რომ გადაწყვეტილებას არ შევიცვლიდი“, – მოგვითხრობს ეკატერინე ამირბეგოვა.
ფრონტისპირა ჰოსპიტალი თბილისში და ბრძოლა კავკასიისთვის
1941 წლის 23 ნოემბრიდან 1942 წლის 28 იანვრამდე და 1942 წლის 15 მაისიდან 1943 წლის 30 იანვრამდე საევაკუაციო ჰოსპიტალი №1434 მოქმედ არმიაში შედიოდა. თავდაპირველად ეს იყო 300 საწოლზე და მძიმედ დაჭრილ კონტინგენტზე გათვლილი ზურგის ჰოსპიტალი. ძირითადად მწოლიარენი, რომლებსაც ჰქონდათ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, დიდი სახრების ტრავმები... მოგვიანებით სამსართულიან შენობაში რამდენიმე ასეული საწოლი დაამატეს. დაჭრილები ტრამვაით მიჰყავდათ. როდესაც ის ძალიან ნელა მოძრაობდა, ექიმები ხვდებოდნენ, რომ ავადმყოფები მოჰყავდათ, ჯარისკაცები კი მთელი საბჭოთა კავშირიდან იყვნენ, ყველაზე მეტი – რუსეთიდან. სანიტრები და მედდები ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობდნენ.
„ქართველი ჩვენს ჰოსპიტალში ძალიან ცოტა იყო. მათ, ალბათ, სხვა ქალაქებში გზავნიდნენ. დაჭრილების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 1943 წელს, კავკასიისთვის ბრძოლის პერიოდში. ბრძოლები ახლოს მიმდინარეობდა, და ჩვენი ჰოსპიტლები ფრონტისპირა გახდნენ. ახალი დაჭრილები გადმოჰყავდათ ორჯონიკიძიდან (ამჟამად ვლადიკავკაზი). იმ დროს შედარებით ხშირი იყო სიკვდილის შემთხვევები. იყო ასევე ტეტანუსის დაავადების შემთხვევებიც“, – აღნიშნა ვეტერანმა.
ვაკის რაიონში, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის შენობაში განთავსებული იყო ჰოსპიტალი ამპუტირებულებისთვის, სადაც, ჯარისკაცების უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალზე რთული სიტუაცია შეიქმნა. ამიტომ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, დაჭრილები დახურულ შენობაში გადაეყვანა, რომ მათ ქალაქში გასვლა არ ეცადათ.
„ჩვენი ჰოსპიტალი შესაფერისი ადგილი აღმოჩნდა. 1943 წლის აპრილში, მაისის დღესასწაულების წინ დაჭრილები ჩვენთან გადმოიყვანეს. თავიდან, როდესაც დახურული შენობა ნახეს, ძალიან გაუჭირდათ. ჩვენ ძალიან კარგი დამოკიდებულება გვქონდა, ერთმანეთს პატივს ვცემდით. საოცრად მედგარი ბიჭები იყვნენ, რომლებიც სამაგალითო უნდა იყვნენ დღევანდელი ბიჭებისთვის. ისინი სიცოცხლეს სწირავდნენ სამშობლოს, მეგობრებს. და მიუღებელია, რომ დღეს ვინმემ მათზე აგდებით ილაპარაკოს. მარტო ვმორიგეობდი სამივე სართულზე და არ მახსოვს, ოდესმე კარის დაკეტვა დამჭირვებოდა, დაკაკუნების გარეშე არავინ შემოდიოდა. ომის დასაწყისში განყოფილებებს მამაკაცები ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი ფრონტზე გაიწვიეს, მედპერსონალი ძირითადად ქალებისგან შედგებოდა. მამაკაცი მხოლოდ უფროსი, კომისარი, ღამის მორიგე და საწყობის გამგე იყვნენ. წამყვანი ქირურგი გახლდათ სოფიო ბუაჩიძე. ყველა დაჭრილს ოპერატიული დახმარება ესაჭიროებოდა, პროთეზირებისთვის მომზადება. ტარდებოდა რეამპუტაცია, შემდეგ ავადმყოფებს უკეთდებოდა პროთეზი, ასწავლიდნენ მის გამოყენებას. ვისაც წასასვლელი არ ჰქონდა, საქართველოში რჩებოდა, ქმნიდა ოჯახს. მახსოვს, ჩვენთან ექიმი პეტროვსკაია მუშაობდა რუსეთიდან, რომელმაც ყველა ნათესავი დაკარგა“, – იხსენებს ვეტერანი.
როგორ იყო ორგანიზებული საევაკუაციო ჰოსპიტლები
ეკატერინე ამირბეგოვა აღნიშნავს, რომ ომის დასაწყისში ხშირად კეთდებოდა ამპუტაცია, რის გამოც ბევრი ინვალიდი იყო: „მოგვიანებით შესაბამისი ინსტრუქციები გამოვიდა, შესაძლებელი გახდა კიდურების შენარჩუნება. დაჭრილთა შორის ინვალიდობის დონე შემცირდა. ჩვენ განკარგულებაში მხოლოდ თაბაშირის სახვევები იყო. მაშინ არ იყო პენიცილინი და სხვა ანტიბიოტიკები. არ ვაკეთებდით შიდავენურ გადასხმებს, არ იყო წვეთოვნები. წარმატებით ვიყენებდით სისხლის გადასხმას. ფიზიოლოგიურ ხსნარს პირდაპირ კანქვეშ ვუსხამდით“.
ვეტერანი ასევე იხსენებს, რომ საევაკუაციო ჰოსპიტლები თბილისში ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, რომელთა შექმნაც მთავრობამ ომის პირველივე დღეებიდან დაიწყო:
„1946 წელს საევაკუაციო ჰოსპიტალი №1434 გააუქმეს, მის ადგილზე შეიქმნა ორთოპედიისა და მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებისთვის აღდგენითი ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მოგვიანებით ღუდუშაურის სახელობის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტად გარდაიქმნა. ინსტიტუტი 1991 წელს სხვა შენობაში გადავიდა“.
მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941–1945 წლებში თბილისში დისლოცირებული ჰოსპიტლების ჩამონათვალში იყო ოფიცრებისა და საზღვაო საევაკუაციო ჰოსპიტლები, ყბა-სახის ქირურგიის ჰოსპიტალი და სხვ.
მედიკოსებთან ერთად თავდადებით მუშაობდნენ მოქალაქეები. ექიმების დასახმარებლად პატარა გმირებიც გაეშურნენ – თბილისის სკოლების მოსწავლეები. მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გილარ ბაქრაძე იხსენებს, რომ სკოლაში სწავლის დროს ბავშვები პედაგოგებთან ერთად ჰოსპიტლებში დაჭრილებს სტუმრობდნენ.
„მახსოვს, ვაგროვებდით პროდუქტებს, ტანსაცმელს და მივდოდით უზნაძის, ადრე კამოს ქუჩაზე განთავსებულ ჰოსპიტალში. ახლა ამ შენობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. ეს ერთ-ერთი დიდი ჰოსპიტალი იყო (აქ ომის დაწყების დროს პრაქტიკას გადიოდა მომავალი ექიმი ამირბეგოვა – რედ.). მოსწავლეები ჯარისკაცებისთვის პატარა კონცერტებს აწყობდნენ. მე აკორდეონზე ვუკრავდი. ზოგი დაჭრილებს წიგნებს, გაზეთებს უკითხავდა, ზოგი წერილებს წერდა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დაჭრილების მორალურ მდგომარეობას“, – აღნიშნავს ბაქრაძე და დასძენს, რომ მედიკოსების გმირობის წყალობით მოახლოვდა ნანატრი გამარჯვებაც.
ეკატერინე ამირბეგოვა დაწვრილებით იხსენებს, როგორ იღებდნენ მის ჰოსპიტალში დაჭრილებს:
„დაჭრილები საკაცეებით მოჰყავდათ მიმღებში და ადგენდნენ ავადმყოფობის ისტორიას. თითოეულს ჰქონდა რუკა. შემდეგ ავადმყოფი გადაჰყავდათ მეზობელ ოთახში, სადაც ტანსაცმელს უცვლიდნენ, აბანავებდნენ. წყალი ავზში შეშაზე ცხელდებოდა. შემდეგ ჯარისკაცები გადასახვევ ოთახში შეჰყავდათ. პარიკმახერიც გვყავდა. სპეციალურ კამერაში, ტილიანობის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ტანსაცმლის დეზინფიცირება ხდებოდა. ცენტრალური გათბობა არ იყო, პალატები შეშის ღუმელებით თბებოდა. საწოლები დეზინფიცირებული იყო, საბნები სუფთა, გარეცხილი. მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ კვება კარგი ყოფილიყო. ავადმყოფებს დღეში სამჯერ ვაჭმევდით. საერთო მაგიდის გარდა, სუფრას სხვადასხვა კატეგორიის ავადმყოფებისთვისაც ვშლიდით. საუზმეზე იყო ფაფა, ჩაი, პური, კარაქი, ხანდახან – მურაბა, ჯემი და ხილი. აშშ-დან ვიღებდით ამანათებს, რომლებშიც შოკოლადიც იყო. სადილზე ვამზადებდით ცხელ კერძებს ხორცით, კომპოტსა და კისელს. ვახშამზე იყო ფაფა, ჩაი. ექიმები ყოველდღიურად ამოწმებდნენ პროდუქტებს, ჩვენ გარეშე სადილის გაშვების უფლება არ ჰქონდათ. ჟურნალში ვწერდით, რომ ვახშამი ან სადილი დროულად და ხარისხიანად მომზადდა და ნებართვა გაცემულია“.
გადარჩენილების ისტორია
როდესაც ახალგაზრდა ექიმი მუშაობას იწყებდა, ჰოსპიტალში 17 წლის უკრაინელი ალექსეენკო მიიყვანეს. მას თეძოს არტერიის ანევრიზმა ჰქონდა. ეკატერინე ოპერაციის შემდეგ მთელი ღამე მის თავთან იჯდა, რადგან ალექსეენკოს ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ჯარისკაცი მალე გამოჯანმრთელდა და სახლში დაბრუნდა.
„ომის დროს ჩვენი თანამშრომლის ქალიშვილი დაჭრილებს ეხმარებოდა, მათთან ურთიერთობდა, და ალექსეენკოს მისი მისამართი შემორჩა. და, აი, 70-იან წლებში, როდესაც ის წყალტუბოში ჩამოვიდა სამკურნალოდ, ჩემ სანახავად მოვიდა სამსახურში, ყვავილების თაიგულით. მომიყვა, რომ ცხოვრება კარგად აეწყო. დეპუტატი გახდა“.
ერთხელ, მორიგეობის დროს ეკატერინეს მოესმა, რომ მორიგი ტრამვაი მოდის დაჭრილებით.
„უცბად გაისმა ყვირილი, ვიღაც დახმარებას ითხოვდა, ლაპარაკობდა ქართულად. გავიქეცი შესახვედრად. ვხედავ, კვნესის 17 წლის ბიჭი ამპუტირებული ფეხით, დაჭრილი ხელით. მაშინვე ვითხოვე, რომ ჩემს პალატაში მოეთავსებინათ. ოპერაცია გავუკეთე. კახოვკის ქუჩაზე პროთეზების ქარხანა მუშაობდა და დაჭრილებს პროთეზით ადგილზე უზრუნველვყოფდით. სხვათა შორის, აღმოჩნდა, რომ ის ბიჭი, ბორია, მოხალისედ წავიდა ფრონტზე. თავიდან არ მიჰყავდათ, რადგან იმ დროისთვის ბევრი ქართველი დაიღუპა ფრონტზე. მან დედის უკრაინული გვარი აიღო, რომ ფრონტზე მოხვედრილიყო (ომის პირველ დღეებში ფრონტზე საქართველოდან მობილიზებული იყო დაახლოებით 100 ათასი ადამიანი, 1942 წლის მარტში კი – 350 ათასი – რედ.). წლების შემდეგ ცხოვრებამ კვლავ შეგვახვედრა. ბორია ანესთეზიოლოგი გახდა, მრავალი წელი ერთად ვმუშაობდით. დავმეგობრდით ოჯახებით. ძალიან კარგი ადამიანი იყო ბორის ამირეჯიბი. რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა“.
1945 წლის 9 მაისს, როდესაც ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ნანატრი გამარჯვება დადგა, ეკატერინე ამირბეგოვა სამსახურში მორიგეობდა. მთელი კოლექტივი წამში აღმოჩნდა ქუჩაში, მედიკოსებს გზაში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები შეუერთდნენ, ასევე კოლეგები „მიხაილოვის“ საავადმყოფოდან. ყველა ელბაქიძის ქუჩით რუსთაველის გამზირისკენ გაეშურა. მაშინდელ ლენინის, ახლა კი თავისუფლების მოედანზე უკვე გამოდიოდნენ ქართველი მუსიკოსები.
მედიკოსების თავდაუზოგავი გმირობის წყალობით ომის დროს მოქმედ არმიას დაუბრუნდა დაჭრილთა 72,3% და დაავადებული ჯარისკაცების 90,6%. ეს, მთლიანობაში, 17 მილიონი ჯარისკაცი და მეთაური იყო. ომის პერიოდში საბჭოთა კავშირში მოქმედებდა 6 ათასზე მეტი ჰოსპიტალი. საქართველოში იმკურნალა 38 ათასზე მეტმა დაჭრილმა და დაავადებულმა.
ეკატერინე ამირბეგოვამ ექიმად 70 წელი იმუშავა. 2012 წელს დამსახურებულ პენსიაზე გავიდა. დაჯილდოებულია მრავალრიცხოვანი ორდენებით, მაგრამ მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო, რა თქმა უნდა, გადარჩენილი სიცოცხლეებია.