22:50 23 იანვარი 2017
პირდაპირი ეთერი
პარლმენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია

ხათუნა ხოფერია: 27 ნაციონალი პარლამენტარის პოლიტიკური ფასი ნულის ფარგლებში ტრიალებს!

© FB/Хатуна Хоперия
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
6920

იყო პარლამენტის და ე.წ. „ჟვანიას გუნდის“ წევრი, მისი გარდაცვალების შემდეგ პოლიტიკური სცენა დატოვა, თუმცა კვლავინდებურად საზოგადოების აქტიური წარმომადგენელია. განვლილ არჩევნებზე და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე Sputnik-ის კორესპონდენტს ესაუბრება ხათუნა ხოფერია.

– ქალბატონო ხათუნა, არჩევნების თემა კვლავაც აქტუალურია, ისევე, როგორც მისი შემდგომი კვირა. რით იყო თქვენთვის გამორჩეული ეს პერიოდი და რა მოხდა მნიშვნელოვანი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში?

— ჩემთვის და, ვფიქრობ, ქართველი ხალხისთვის გასული არჩევნები უაღრესად საჭირო და მრავლისმთქმელი გამოდგა. საზოგადოებამ დააფიქსირა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხედვის აბსოლუტური მხარდაჭერა, ანუ ხალხმა მხარი დაუჭირა მშვიდობიან მომავალს, ყოველგვარი „პრო“-ების გარეშე. საზოგადოება დაიღალა გაუთავებელი მოწოდებებით დასავლეთისა თუ ჩრდილოეთისკენ და ხმა მისცა გაწონასწორებულ, მშვიდ მომავალს. ნიშანდობლივია, რომ არჩევნების წინ „ოცნება“ მოერიდა დაპირებების გაცემას, მისი დასრულების შემდეგ კი ქალაქში გამოჩნდა ბანერები წარწერით „მადლობა ნდობისთვის“. პიარის თვალსაზრისით ეს კარგი ნაბიჯია. ამასთან, პრემიერმა გააკეთა ძალიან საყურადღებო განცხადება, რომ ძალიან მალე ხალხი იგრძნობს იმ ცვლილებებს, რასაც განახლებული მმართველი გუნდი აპირებს. საკონსტიტუციო უმრავლესობა ის ბერკეტია, რომელიც მათ ამის საშუალებას მისცემს. თუმცა, უმნიშვნელოვანესი ცვლილებები საზოგადოების გარეშე არ უნდა განხორციელდეს.

– არჩევნების შემდეგ ძალიან მალე, პრაქტიკულად, დაიშალა რამდენიმე პარტია, როგორც გამოცდილი, ისე სამთვიანი. რამ განაპირობა მათი პოლიტიკური სცენიდან „ჩაჩოჩება“?

— ესეც „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკური სვლების შედეგია. რესპუბლიკელები და დემოკრატები განუწყვეტლივ თავს ახვევდნენ საზოგადოებას საკუთარ მისწრაფებებს დასავლეთისა და ამერიკისკენ და სრულიად უარყოფდნენ სხვა განსხვავებულ მოსაზრებებს, იქამდე, რომ ლამის სამშობლოს მოღალატეებად მიიჩნევდნენ სხვაგვარად მოფიქრალებს. ხალხს უნდა ვიზალიბერალიზაცია, ევროპული ოჯახი, მაგრამ მას სჭირდება უვიზო მიმოსვლა რუსეთთანაც, რადგან ეკონომიკურად ჩვენ მჭიდროდ ვართ მიბმული რუსულ ბაზარს და ამის უგულებელყოფა არაფრით არ შეიძლება. „ქართულმა ოცნებამ“ დელიკატურად ჩააჩოჩა ეს ძალები, თავად გახდა ევროპა-ამერიკასთან ურთიერთობის მესაჭე და, შედეგად, ამ ძალების საჭიროება მოსახლეობაში გაქრა. არ ვიცი, რამდენი ხნით „დავკარგეთ“ ეს ხალხი, მაგრამ, ვფიქრობ, არც მათ აწყენთ ეს „ტაიმ-აუტი“, რათა კარგად გააანალიზონ შეცდომები და უფრო მეტად გაიაზრონ საზოგადოების რეალური მოთხოვნები. ახლა, პრაქტიკულად, თავისუფალია ოპოზიციური ნიშა, მათ აქვთ ძალა, რომ ეს ადგილი დაიკავონ. უბრალოდ, როგორც მოგახსენეთ, რეალობას უნდა გაუსწორონ თვალი. რაც შეეხება სამთვიან პარტიებს, მათი არც ყოფნა ნიშნავდა რამეს და არც გაქრობა იქნება დიდი უბედურება. 

– „ნაციონალური მოძრაობა“ არ გიხსენებიათ, პარტიაში დიდი ვნებათაღელვაა. რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?

— ეს ვნებათაღელვა ახალი დაწყებული არ არის, ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო. ბოკერიას ფრთა აქტიურობდა ამერიკის ფრონტზე, მის მეუღლეს „ენჯეოც“ კი გაუხსნეს შტატებში, აქტიურად იზიდავდნენ ლობისტებს. მაგრამ აქამდე ხმაურს ერიდებოდნენ, რადგან საარჩევნოდ ფული სჭირდებოდათ, სააკაშვილის გარეშე კი ამ ფულს ვერ მიიღებდნენ. ახლა პარლამენტშიც მოხვდნენ და ყოფილი პრეზიდენტი მათთვის ტვირთად იქცა, ამიტომაც ხმამაღლა განაცხადეს, რასაც დიდი ხანია ფიქრობენ. მე მაინც მგონია, რომ ამ 27 ადამიანის პოლიტიკური ფასი ნულთან ახლოს ტრიალებს. კი, ბევრს ილაპარაკებენ, წყლის ამღვრევასაც შეეცდებიან, მაგრამ უკვე აღარ შესწევთ „ძალა ქადილისა“. ესეც „ოცნების“ დამსახურებაა, რომ ვითომ ოპოზიცია პოლიტიკურ გვამებად აქცია. ამიტომ ვთქვი, რომ დღეს ოპოზიციური ნიშა თავისუფალია. ეს არ არის კარგი და რაც უფრო სწრაფად შეიცვლება ვითარება (ვგულისხმობ რეალური, კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობას), მით უკეთესი ქართული საზოგადოებისთვის. საერთოდაც, მგონი, დროა, „ნაციონალებზე“ საუბარს თავი დავანებოთ, ეს თემა აქტუალური აღარ არის.

ზოგადად, მიმაჩნია, რომ ვითარება ქვეყანაში უკეთესობისკენ შეიცვლება. იმედი მაქვს, რომ განახლებული მმართველი ძალა დაძლევს არსებულ გამოწვევებს და, რაც მთავარია, ქვეყნის საზიანოდ მოქმედი, დესტრუქციული ჯგუფი ხელს ვეღარ შეუშლის. ვნახოთ, როგორ გაუმკლავდებიან ამ დიდ პასუხისმგებლობას, თუ ვერ, არც მომავალი არჩევნებია შორს და საზოგადოებაც თავად გადაწყვეტს, ვის მიანდოს ქვეყნის მართვის სადავეები.

თნგიზ ჩოჩუა

მთავარი თემები