-ბატონო აკაკი! თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩატარებული ყველა არჩევნების მომსწრე და მონაწილე ბრძანდებით. რამდენად დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა?
— აქ შეიძლება არსებობდეს ორგვარი მიდგომა- პირველი გახლავთ საერთო შეფასება და ის ცალსახად პოზიტიურია, რადგან ჩატარდა მშვიდობიანად, ზედმეტი ვნებათაღელვისა და ექსცესების გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მეორე გახლავთ არჩევნების კონკრეტული, დეტალური ანალიზი. ამ შემთხვევაში ასე ნაუცბათევი შეფასება არ იქნება სწორი, თუმცა არის მომენტები, რომლებიც ზედაპირზე დევს და მათი შემჩნევა არც ისე რთულია. მაგალითად, მე პირადად, გასული არჩევნები მაგონებს ორი გენიალური პიანისტის, ოსკარ პიტერსონისა და მისი მასწავლებლის ქაუნთ ბეისის ერთობლივ გამოსვლას, როცა ორ როიალზე ერთად უკრავდნენ.
ზუსტად ასეთი კონცერტი შემოგვთავაზეს „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მათ შორის რაიმე სერიოზული გარიგება მოხდა, მაგრამ ორივე ამ ძალას აწყობდა პარლამენტში ორპოლუსიანობა და ამას დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწიეს. ოპოზიციურმა პარტიებმა, რაც არ უნდა ილაპარაკონ არჩევნების გაყალბებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ეს არასერიოზული მიდგომა და თავის მართლების მცდელობაა. სინამდვილეში, მარცხის მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძიონ. მათ ვერ შესთავაზეს ქართველ ხალხს ვერაფერი ღირებული და ის საკმაოდ დიდი რაოდენობა ამომრჩევლისა, ვინც გაურკვევლობაში იყო, ვერ გადაიბირეს საკუთარ მხარეს. სწორედ ამის მიზეზი გახლდათ ამომრჩეველთა ნაკლებობა. 50%-ზე ცოტა მეტი, შესაძლოა, კატასტროფა არა, მაგრამ ხალხის იმედგაცრუებისა და გარკვეული უნდობლობის გამომხატველია. ამავე მიზეზს ვუკავშირებ „ნაციონალების“ 27%-ს. რაც მეტი იქნებოდა ამომრჩეველთა რაოდენობა, მით ნაკლებ მანდატს მოიპოვებდნენ. ამ ფონზე, მივესალმები „პატრიოტთა ალიანსის“ გამარჯვებას. კარგია, რომ ეროვნული ძალა იქნება პარლამენტში. შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღებაში მათი როლი არც ისე დიდი იყოს, მაგრამ პარლამენტს გარეთ დარჩენილ ოპოზიცასთან ურთიერთობა მათ უფრო გამოუვათ, ვიდრე ორ ლიდერ პარტიას.
- 30 ოქტომბერს მეორე ტური გაიმართება მაჟორიტარულ ოლქებში. პირველ ტურში მკვეთრად იყო გამოხატული „ოცნების“ კანდიდატების უპირატესობა. რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, ამომრჩეველმა აზრი იცვალოს და მხარი არ დაუჭიროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს?
— სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება და „ქართული ოცნება“ მოიგებს ოლქების დიდ უმრავლესობას, თუ ყველას არა. შედეგად მივიღებთ პარლამენტში ძალთა დისბალანსს, ანუ ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობას. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში ყოფილა და სულაც არ მგონია ეს ტრაგედია. მთავარია, როგორ გამოიყენებენ ამ უმრავლესობას. „ოცნება“ ახლა ვეღარ იწუწუნებს, ხელს გვიშლიდნენ და ვერ მოვახერხეთო. ექნებათ სრული კარტ-ბლანში და ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ. დღეს მუსირებს სამი საკითხი, რომელთა განხორციელებასაც აპირებენ. ეს გახლავთ- პარლამენტის თბილისში გადმოტანა, ქორწინების განსაზღვრება და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა.
სამივე მათგანი საჭიროა, თუმცა ქვეყნისთვის უფრო მნიშნელოვანი სხვაა. თუნდაც, საარჩევნო სისტემის შეცვლა, ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობის დახვეწა და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის რეალური ძალაუფლების გადაცემა. ნუ გვავიწყდება, რომ დემოკრატია ხალხის ძალაუფებაა, ხოლო დემოკრატიის მთავარი გამომხატველი სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის სწორი მოწყობაა. დასავლეთის ქვეყნებმა პირველ რიგში ეს გააკეთეს, თორემ პრეზიდენტები და პარლამენტი ყველა ქვეყანას ჰყავს. ჩვენ რატომღაც ბოლოდან ვიწყებთ, შეალევენ დროს და ძალას ამის გაკეთებას და მერე იტყვიან, საარჩევნო სისტემის დასახვეწად დრო არ გვეყოო. ამის მოლოდინიც არსებობს.
თენგიზ ჩოჩუა