12:44 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (75)
39 0 0

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მუკბანიანსა და ხუციშვილს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ირაკლი მუკბანიანი და დავით ხუციშვილი თითოეული 3 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

საუბარია ინციდენტზე, რომელიც 29 მაისს სოფელ გუმათში მოხდა. მუკბანიანსა და ხუციშვილს ბრალად ედებათ პოლიციელებზე თავდასხმა, რაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა და სამართალდამცველთა შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენლის ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და ორივე დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა საქმის განხილვა გრძელდება და მათ ბრალდება არ მოხსნიათ.

„მნიშვნელოვანია, რომ ისინი დღეს ჩვენთან ერთად არიან და გააგრძელებენ რიონის ხეობის დაცვისთვის ბრძოლას“, – განაცხადა გოლეთიანმა.

ირაკლი მუკბანიანი სოფელ საყულიაში 1 ივნისს დააკავეს სპეცოპერაციის დროს. გამოძიების ვერსიით, მუკბანიანის დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია ადგილობრივმა მოსახლეობამ, რის შემდეგაც „პოლიციამ, კანონმდებლობის შესაბამისად, იძულების ღონისძიება გამოიყენა“. დავით ხუციშვილი კი პოლიციამ 10 ივნისს დააკავა.

ირაკლი მუკბანიანისა და დავით ხუციშვილის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით (პოლიციელზე თავდასხმა) მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი რიონის ხეობაში უკვე თითქმის ცხრა თვეა, რაც გრძელდება. ისინი მოითხოვენ კონტრაქტის გაწყვეტას თურქულ კომპანია ENKA-სთან, ასევე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას ქვეყნის ენერგოსექტორში ყველა პროექტზე.

მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე ერთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა. კაშხლის მშენებლობის პროექტს ხელახლა შეისწავლიან სპეციალისტები. ამასთან მორატორიუმი არ ეხება სხვა სამშენებლო სამუშაოებს რიონის ხეობაში.

თემები:
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (75)

მთავარი თემები