11:23 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (45)
4610

საქართველოს შსს განაგრძობს საგამოძიებო-ოპერატიულ ღონისძიებებს ჟურნალისტზე ძალადობაში მონაწილე პირების გამოვლენისა და დაკავების მიზნით.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას" ოფისში ტელეკომპანია „TV პირველის" გადამღები ჯგუფის ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ფიგურანტია დაკავებული, იუწყება საქართველოს შსს.

„TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს არეულობის დროს სასტიკი ცემის შემდეგ მეექვსე დღეს, კვირას, დილით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ის თბილისში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე არეულობის დროს სასტიკად სცემეს. ოპერატორს დაუმსხვრიეს სახის ძვლები, დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. ის რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა.

როგორც ამავე ტელეარხის ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ განაცხადა, რომელიც თავდასხმის დროს ოპერატორ ლაშქარავასთან ერთად იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას" ოფისში, ოპერატორს 20 ადამიანი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში სცემდა, ის სისხლის გუბეში მწოლიარე დატოვეს.

ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოიყვანა. მასმედიის წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქციაზე მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს. ისინი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მეთაურობით. თუ მინისტრთა კაბინეტი ორშაბათს შუადღემდე არ გადადგება, მაშინ 18:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქცია გაიმართება, სადაც ლიდერები თავიანთ გეგმებზე ისაუბრებენ.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს საქართველოს სსკ-ის სამი მუხლის მიხედვით ედება ბრალი: ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მათი დევნა და ჯგუფური ძალადობა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5 ივლისს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია „TV პირველის" გადამღებ ჯგუფს ორგანიზაცია „სირცხვილიას" ოფისში.

ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე შსს-მ 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა, აქედან ხუთი – კონკრეტულად ლაშქარავაზე თავდასხმის საქმეზეა დაკავებული.

პოლიცია განაგრძობს საგამოძიებო-ოპერატიულ ღონისძიებებს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის და მათი დაკავების მიზნით.

შსს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

თემები:
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (45)

მთავარი თემები