15:19 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1313)
57 0 0

ბრალდებულებმა თაღლითურად ჯამში 73.995 ევროსა და 13.100 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის მოქალაქეების დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ისრაელის ორი მოქალაქისა და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, არარეზიდენტი ფიზიკური პირების ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით ერთ-ერთმა ბრალდებულმა საქართველოში დააფუძნა უცხოური საწარმოს მსგავსი დასახელების იურიდიული პირი, რომლის სახელზეც საბანკო ანგარიშები გახსნა საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში.

ბრალდებულებმა საფრანგეთის ოთხი მოქალაქე სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით დაარწმუნეს კრიპტოვალუტით ვაჭრობის სფეროში მომგებიანი ინვესტიციების განხორციელებაში და მოტყუებით, 2018 წლის 21 მარტიდან 2018 წლის 27 აპრილამდე პერიოდში ჩაარიცხინეს 159.905 ევრო საწარმოს ანგარიშზე.

ამის შემდეგ აღნიშნული თანხა ერთ-ერთმა ბრალდებულმა პირადი საბანკო ანგარიშიდან სწრაფი ფულადი გზავნილების სახით ისრაელში ოჯახის წევრების სახელზე გადარიცხა.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა ჯამში 73.995 ევროსა და 13.100 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

ბრალდებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ დაფუძნებული საწარმოს მიმართ საქმე კი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყება განაგრძობს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1313)

მთავარი თემები