კრიპტოვალუტით ვაჭრობის თაღლითური სქემა: 11-ვე ბრალდებული განაჩენს საპატიმროში დაელოდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალი 620 ათას ევროს შეადგენს, თუმცა აღნიშნული რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საქართველოს 10 და ისრაელის ერთ მოქალაქეს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, პერსონალური მონაცემების ხელყოფისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის ბრალი წარუდგინა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

კრიპტოვალუტა - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
კრიპტოვალუტით ვაჭრობის თაღლითური სქემა საქართველოში: დაკავებულია 11 პირი

პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2019 წლის გაზაფხულზე ისრაელის მოქალაქემ ორ ქართველ თანამზრახველთან ერთად ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფის წევრებს შორის განაწილებას.

უკანონო საქმიანობაში ორგანიზატორებმა ეტაპობრივად ჩართეს უცხო ენების სპეციალისტები, რომლებიც, უკანონოდ მოიპოვებდნენ რა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს, თბილისში ნაქირავები ოფისიდან სისტემატურად უკავშირდებოდნენ პოტენციურ მსხვერპლებს და მათ კრიპტოვალუტის უნაღდო ანარიშსწორებით შეძენას სთავაზობდნენ. დაინტერესების შემთხვევაში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებ-გვერდზე, რის შემდგომაც მათივე სახელით ახორციელებდნენ კრიპტოვალუტის შეძენას, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ გადახდილი თანხის შესაბამისი ელექტრონული ვალუტის არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისათვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე ასახვას. 

ამ ხერხით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის ათეულობით მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. ამ ეტაპისთვის დადგენილი ზიანის ოდენობა შეადგენს 620 ათას ევროს.

ჩატარებული გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ნაწილმა მოახდინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზება, კერძოდ, შეიძინეს ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები და უძრავი ქონება, რაც ამ ეტაპზე დაყადაღებულია პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული სასამართლოს განჩინებით. 

მონაცემების დამუშავება - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
კიბერთაღლითობის ახალი სქემა: საბანკო ასოციაცია მოსახლეობას აფრთხილებს

ყადაღა ასევე დაედო ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელის – ისრაელის მოქალაქის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ 2 მილიონზე მეტ ლარს.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება–შენახვა–გამოყენების, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე, 180-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით შვიდიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ამასთან, საქმის ოთხ ფიგურანტს, რომელთა შორის ჯგუფის ხელმძღვანელიცაა, წარდგენილი აქვს ბრალი სსკ-ის კიდევ ერთი მუხლით – „უკანონო შემოსავლების ლეგალიზება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების მიღება", რაც ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას.

საქმეზე გრძელდება გამოძიება. საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძოდ, „ევროჯასტის“ წევრ სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობს სხვა დაზარალებული მოქალაქეებისა და მათთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის იდენტიფიცირება.

ყველა ახალი ამბავი
0