06:27 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2126)
80 0 0

ჟურნალისტზე  თავდასხმის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. პროკურატურამ სამივეს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ტელეკომპანია „ფორმულის” ჟურნალისტ ვახტანგ სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტელეწამყვან ვახო სანაიას, მის მეუღლესა და მისი მეუღლის ნათესავს 25 თებერვალს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

სანაია დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება, ამ ფაქტს პროკურატურაშიც ადასტურებენ. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მისი პროფესიული საქმიანობის გამო დაესხნენ თავს.

„ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ“, - წერია პროკურატურის ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ შედეგად ვახტანგ სანაიამ თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.

სამართალდამცველებმა სამივე პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ვახტანგ სანაიას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, როგორც მსგავსი კატეგორიის სხვა დანაშაულებზე, უწყებას მკაცრი დამოკიდებულება ექნება.

„ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ სამივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2126)

მთავარი თემები