თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მოხდა.
ტელეკომპანია „ფორმულის” ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს.
„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს", – დაწერა არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში.
გამოძიების მიხედვით, ჟურნალისტზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამმა პირმა ფიზიკურად იძალადა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.