20:53 12 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
153 0 0

ოჯახური ძალადობა ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და ყველაზე ხშირ დანაშაულთა ხუთეულში რჩება

თბილისი, 11 იანვარი - Sputnik. ოჯახური ძალადობა - საქართველოში ქურდობის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. შსს-ს მონაცემებით, 2020 წლის 11 თვეში 4 927 მსგავსი დანაშაული იქნა ჩადენილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახური ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობას ან სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რომელსაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგები ფიზიკური დაზიანების სახით.

სულ ამ მუხლით 2020 წლის 11 თვის განმავლობაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 2 691 ადამიანი, რომელთა მსხვერპლი 3 146 ადამიანი გახდა.

თუმცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გარდა, საქართველოში ძალადობის აღკვეთის კიდევ ერთი დროებითი ზომა მოქმედებს - დამცავი ან შემაკავებელი ორდერი. ეს ორდერი გაიცემა, როგორც ადმინისტრაციული ზომა ყველა გარემოების გარკვევამდე.

2020 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში ასეთი ორდერი სულ 8 496 მოძალადეს გამოუწერეს, რომელთა მსხვერპლი გახდა 8 852 ადამიანი.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად ოჯახური ტირანიის მსხვერპლნი არიან 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები და 45 წელს გადაცილებული მამაკაცები. თავად მოძალადეთა ასაკი კი მამაკაცებში არის 25-დან 44 წლამდე და ქალებში - 45-ს ზევით.

ორდერის გაცემისას, ძირითადად, საუბარია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე და მხოლოდ თითქმის მესამედ შემთხვევებში ორდერი გაიცემა ფიზიკური ძალადობისას. ხოლო ეკონომიკური და სექსუალური ძალადობისას, ასევე იძულებისა თუ საჭიროებების იგნორირებისას ორდერის გაცემის შემთხვევები გაცილებით ნაკლებია.

საქართველოს რეგიონებში ოჯახური ძალადობის შემთხვევების რაოდენობით თბილისი ლიდერობს, შემდეგ აჭარა და კახეთი მოდიან. ყველაზე ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ამასთან, თუ მოძალადე მამაკაცების ასაკი, ძირითადად, 25-44 წელია, მოძალადე ქალები, როგორც წესი, 45 წელს არიან გადაცილებული. მსხვერპლთა შორის პირიქითაა - ქალების ასაკი 25-44 წელია, მეორე ადგილზე 46 წელს გადაცილებული ქალები არიან, მამაკაცებს შორის კი - 45 წელს გადაცილებული პირები.

თუმცა ორდერი მძიმე შედეგების პრევენციის თვალსაზრისით არაეფექტური ზომაა. წლის დასაწყისიდან ნოემბრის ჩათვლით ოჯახური ძალადობის შედეგად 19 ქალი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულზე არ უმოქმედია მკაცრ შეზღუდვებს, რომლებიც ქვეყანაში პანდემიის დროს გამოცხადდა. მაგალითად, აპრილ-მაისის თვეებში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად 3 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

ვის უნდა მიმართოს ძალადობის მსხვეროლმა

ამჟამად სახელმწიფო დახმარების სააგენტოს ბაზაზე ქვეყანაში ხუთი კრიზისული ცენტრი მოქმედებს.

ამ დაწესებულებების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზით -116 006.

ძალადობის საკითხზე ტელეფონით კონსულტაცია ოცდაოთხი საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია 8 ენაზე, მათ შორის, ქართულზე. ზარი უფასოა, ანონიმურობა - გარანტირებული.

კრიზისული ცენტრების მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახური ძალადობის, ქალებზე ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლთ.

მთავარი თემები