თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. 2020 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 9 766 ადამიანი გახდა, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში.
სექტემბერში ოჯახური ტირანების მსხვერპლი 1 692 ადამიანი გახდა, ოქტომბერში ყოველთვიური მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა – 1 396 ადამიანი, მაშინ, როდესაც ქვეყანაში 1 სექტემბრიდან მოძალადეების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა დაიწყო – ელექტრონული სამაჯურები შემაკავებელი ორდერის ნაცვლად.
ძირითადად საუბარი ეხება ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და ეკონომიკურ ძალადობას, გაცილებით ნაკლებად – სექსუალურ ძალადობას.
საქართველოს რეგიონებს შორის ოჯახური ძალადობის შემთხვევების რაოდენობით თბილისი ლიდერობს, შემდეგ მოდის აჭარა და ქუთაისი. მსგავსი დანაშაულები ყველაზე ნაკლებად ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
საქართველოს მასშტაბით ოქტომბერში დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის 166 შემთხვევა, ფსიქოლოგიური ძალადობის 693, ეკონომიკური ხასიათის 22 და ერთი სექსუალური ძალადობის შემთხვევა.
2020 წლის 10 თვის მანძილზე გამოიწერა 8 880 შემაკავებელი ორდერი, შედარებისთვის: 2019 წელს სულ გამოიწერა 10,3 ათასი.
როგორც სტატისტიკამ აჩვენა, საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბიჭებზე მეტად გოგონები არიან.
ძალადობის მსხვერპლთა დახმარების შესახებ ინფორმაცია აფთიაქებსა და მაღაზიებში გაჩნდება>>>
ამასთან, თუ მოძალადე მამაკაცების ასაკი ძირითადად 25–44 წელია, ქალებს შორის მოძალადეები 45 წელს ზემოთ ასაკის პირები არიან. მსხვერპლს შორის კი მაჩვენებელი პირიქითაა: ყველაზე ხშირად ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები არიან, მეორე ადგილზეა 46 წელს ზემოთ ასაკის ქალები, ხოლო მამაკაცებს შორის – 45 წელს ზემოთ პირები.
წლის დასაწყისიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა 19 ქალი.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დანაშაულის რიცხვზე არ იმოქმედა პანდემიის გამო ქვეყანაში შემოღებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა. შეზღუდვების პიკში, აპრილი–მაისის პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალდა 3 ათასზე მეტი ადამიანი.
2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს. 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.
ვის უნდა მიმართოს ძალადობის მსხვერპლმა
ამჟამად სახელმწიფო დახმარების სააგენტოს ბაზაზე ქვეყნის მასშტაბით ხუთი კრიზისული ცენტრი მოქმედებს. ამ დაწესებულებების მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „ცხელ ხაზზე“ – 116 006. ძალადობის საკითხებზე სატელეფონო კონსულტაციის მიღება ქართულის ჩათვლით რვა ენაზე 24-საათიან რეჟიმშია შესაძლებელი. ზარი უფასოა, გარანტირებულია ანონიმურობა.
კრიზისული ცენტრების მომსახურების მიღება შეუძლიათ მსხვერპლს, ოჯახური ძალადობისა და ქალებზე ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს, ტრეფიკინგის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლს.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.