ამორალური და შეურაცხმყოფელია: კომპანია, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Alex Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერი
კომპიუტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შპს „ზეგი“ აცხადებს, რომ მისი მუშაობა საქართველოში ლეგალურია და სრულიად შეესაბამება ქვეყნის კანონმდებლობას.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. კომპანია „ზეგი“ (ZAG), სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ცილისწამებას უწოდებს განცხადებებს კომპანიის არალეგალური საქმიანობის შესახებ და აცხადებს, რომ ყველა ფილიალი, მათ შორის საქართველოში, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობს.

ბაჩალიაშვილი ძებნიდან ხუთი დღის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის თბილისში ცხოვრეობდა. სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა უტარდება

„კომპანია „ზეგის“ მიმართ არ წყდება ცილისმწამებლური და ამორალური განცხადებები. მეტიც, ცალკეული პირების მიერ გაჟღერდა მისი საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდებები. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ზეგმა“ არაერთხელ გააკეთა განმარტება მისი საქმიანობის შესახებ, პასუხი გასცა მედიის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, გამუდმებით ვრცელდება მცდარი და კომპანიის იმიჯის დამაზიანებელი ინფორმაცია. უფრო მეტიც, ბრალდებებმა კამპანიური ხასიათი მიიღო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ როგორც შპს „ზეგის“, ასევე მისი დამკვეთის საქმიანობა არის სრულიად ლეგალური და შეესაბამება იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც ეს კომპანიები საქმიანობენ“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

სუიციდის შესახებ ინფორმაციას ეძებდა: ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში>>

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არანაკლებ შემაშფოთებელი და ამორალურია უკანონო საქმიანობაში დაუსაბუთებელი ბრალდებები კომპანიის გარდაცვლილი თანამშრომლის თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ.

„ჩვენი კომპანიის, მისი თანამშრომლების, მათ შორის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის უკანონო საქმიანობაში დადანაშაულება, ტროლ-ბოტებად მოხსენიება არის ამორალური და შეურაცხმყოფელი. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დაკარგა შვილი, ჩვენ დავკარგეთ თანამშრომელი. სხვადასხვა სუბიექტების მიერ ოჯახის თუ კომპანიის მიმართ ტალახის სროლა და თამუნას ხსოვნის ამგვარი შეურაცხყოფა, ყველაფერთან ერთად შემზარავია. ეს უმძიმესი ტრაგედია გახდა სხვადასხვა პირებისთვის ცნობადობის გაზრდის, თავის წარმოჩინების და კერძო ინტერესების დაკმაყოფილების საგანი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის ხელმძღვანელობა ადასტურებს ფაქტს, რომ გამოძიების პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან, მან მოიპოვა კომპანიის კომერციული საიდუმლოს გათქმის უფლებაც კი. ამასთან, ფირმაში არ სურთ, რომ მათი თანამშრომლობა არასწორად აღიქვან და ცალკეული ფაქტების ინტერპრეტაცია შეცდომით მოხდეს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
პოლიცია გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკს

განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ოფისიდან ამოღებულია მთელი კომპიუტერული ტექნიკა, რაც მათ ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ აძლევს და საფრთხის ქვეშ აყენებს კომპანიის 50-მდე თანამშრომლის მომავალს.

„ზეგში“ აცხადებენ, რომ დღეიდან სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ ნებისმიერ დაუსაბუთებელ, მოგონილ, შეურაცხმყოფელ და რეპუტაციის შემლახავ ბრალდებაზე.

გარდა ამისა, ხელმძღვანელობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აშშ-ის საელჩო ინფორმირებულია კომპანიის ირგვლივ განვითარებულ ვითარებაზე.

23 წლის გოგონას გარდაცვალების გარემოებების გამოძიების ფარგლებში პოლიციამ კომპანიის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.

ბაჩალიაშვილის საქმე: მამის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება – რაზე აპელირებს გამოძიება>>

უფრო ადრე კომპანიის დირექტორმა თამუნა კობერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია „ზეგს“ 2017 წელს შეუერთდა სტაჟიორის სახით და მალე მიაღწია არსებით პროგრესს. მან გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე აცნობა ხელმძღვანელობას, რომ სამსახურიდან წასვლას აპირებდა, ხოლო ორი დღით ადრე მართლაც დატოვა სამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0