თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილმა თამარ ბაჩალიაშვილმა 2012 წელს ოჯახში ძალადობის თაობაზე მამის წინააღმდეგ პოლიციაში ჩვენება მისცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ბაჩალიაშვილის ჩვენებებში დეტალურად არის მოთხრობილი იმის შესახებ, თუ როგორ ძალადობდა მამამისი ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ფიზიკურად დედაზე თეონა თამაზაშვილზე.
„ჩემს მშობლებს ხშირად არა, მაგრამ პერიოდულად ნებისმიერი საბაბით კონფლიქტი მოსდიოდათ. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც მამაჩემი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მაშინაც, როდესაც იგი სრულიად ფხიზელი იყო“, – ნათქვამია გოგონას ჩვენებებში.
ჩვენებებში გოგონა ჰყვება, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამა სახლში მივიდა და დედამისს შენიშვნა მისცა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჰქონდა წინა საღამოს ოთახებში გვიანობამდე ჩართული შუქი. დედამ უპასუხა, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, რაზეც ოჯახის უფროსი გაბრაზდა, მეუღლეს თმებში სწვდა და სახეში გაარტყა.
„დედაჩემი ცუდად გახდა, გამოიძახა „სასწრაფო დახმარება“, ექიმებმა კი გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. მათ მოსვლამდე კი მამაჩემი სახლიდან წავიდა“, – დაწერა ბაჩალიაშვილმა ჩვენებებში.
ამ ფაქტის გამო ჯუმბერ ბაჩალიაშვილს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, შემდეგ კი ოჯახური ძალადობისთვის ბრალი წარუდგინეს. თუმცა, მამაკაცი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
დღეისათვის გარდაცვლილი გოგონას მამა ამტკიცებს, რომ ინციდენტს, რომელიც მრავალი წლის წინ მოხდა, გოგონას ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გავლენა არ მოუხდენია.
მასმედიის ცნობით, არსებობს 2012 წლის სამედიცინო დასკვნა. დოკუმენტი, რომელშიც საუბარია გოგონას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, მამის წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ერთი თვის შემდეგ არის შედგენილი.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს (ის პროგრამისტი იყო) და წინასწარი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა.
ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.