თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ვახო ახვლედიანის ადვოკატი მზია ქასრაშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებამ ეჭვი გაუჩინა, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია.
როგორც ადვოკატი განმარტავს, თავდაპირველად იგი იხრებოდა ვერსიისკენ, რომ შაქარაშვილს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.
„გუშინ ალექსანდრე გეჯაძემ, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტია, განაცხადა, რომ გარდაცვლილს მიღებული აქვს ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები, რომელიც მუშტს არ ჰგავს და უფრო ძლიერია. ამან უფრო გამიჩინა ეჭვი, რომ ეს მკვლელობაა. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მოსაზრებაა. ამდენ ხანს დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ფეხი დაუცდა“, – აცხადებს ადვოკატი.
23 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
18-19 ივნისის ღამით მომხდარ ფაქტებზე აღძრულ საქმეებზე 26 ივნისს 17 პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი – სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულთა შორის არიან ფეხბურთელები, მორაგბეები, მოჭიდავეები. მათგან რამდენიმე თავადაც დაზარალებულად ცნეს.
მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.
გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობართან ერთად ესწრებოდა მცხეთაში დაქირავებულ კერძო სახლში გამართულ წვეულებას, სადაც ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებაზე სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარჩევა ქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე გაგრძელდა, სადაც საქმეში თბილისიდან ჩასული ახალი პირები ჩაერთვნენ, რადგან კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.
მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი გარჩევის ადგილს გაერიდა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ მაშველებმა და მყვინთავებმა იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი ინტერესის გამო ცხედრის ექსპერტიზის შედეგები ცნობილი გახდება დაჩქარებული წესით.