თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალი წაუყენა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 17 პირი გუშინ, 26 ივნისს დილით დააკავეს. ჩვიდმეტივე პირს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვს წარდგენილი.
უწყების ცნობით, 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე მცხეთაში შელაპარაკების ნიადაგზე სამმა პირმა ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორ პირსა, რომლებმაც ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.
იმავე საღამოს, მეგობრების ცემის გამო, გ.მ.-მ ოთხ პირთან ერთად ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, მათ ჩხუბში მონაწილე - მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებზე ძალადობის მიზნით, გადაწყვიტეს თბილისიდან დამატებით სხვა პირების მობილიზება. უწყების ცნობით, ერთ-ერთი პირი რკინის ხელკეტით იყო შეიარაღებული.
აღნიშნული პირები 19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე თავს დაესხნენ მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გიორგი შაქარაშვილსა და კიდევ ხუთ პირს. ერთი მათგანი გაიქცა თბილისის მიმართულებით, ერთ-ერთი დაიმალა გზის პირას არსებულ შენობაში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი ორ პირთან ერთან გაიქცა დასავლეთის მიმართულებით, თუმცა თავდამსხმელების წასვლის შემდეგ გიორგი შაქარაშვილი და მასთან მყოფი პირები შემთხვევის ადგილზე დაბრუნდნენ, დაეხმარნენ ნაცემ გ.ქ.-ს და თბილისში დაბრუნებას შეეცადნენ.
დაახლოებით 00:50 საათზე, გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა.-ს თავს დაესხა კონფლიქტში მონაწილე ხუთი პირი, კერძოდ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა., გ.ქ. და ვ.ა. გაიქცნენ საავტომობილო გზაზე და გადავიდნენ გზის საპირისპირო მიმართულებაზე, შემდეგ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებული ბუჩქნარისკენ. გ.ა., ვ.ა. და გ.ქ. დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით.
უწყების ცნობით, თავდამსხმელებმა დაიწყეს მიმალულების ძებნა და იპოვეს ბუჩქებში დამალული გ.ა., რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება - მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, დაუსხდნენ ორივე მხრიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს თბილისში, სადაც ავტომობილიდან ჩამოსვეს მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ლუკოილის“ ფირმის ავტოგასამართ სადგურთან.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში 22 ივნისს აღმოაჩინეს.
პროკურატურის მტკიცებით, ცემის და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვებით, რომლებიც დეტალურად აღწერენ კონფლიქტის დაწყების მიზეზებს და მასში მონაწილე მხარეებს, მიუთითებენ დანაშაულის ჩამდენ პირებზე. აღნიშნული დასტურდება ასევე ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით და მოწმეთა მონაწილეობით ჩატარებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით. მცხეთაში, დაზარალებულთა თავდასხმის ადგილიდან ამოღებულია ლითონის ხელკეტი, ასევე თავდასხმამდე გადაღებული ვიდეოკადრები.
უწყების ცნობით, საქმის ირგვლივ გამოიკითხა 60-მდე პირი და მოწმეთა დაკითხვა ამ ეტაპზეც გრძელდება; ამოღებულია მომხდარი ფაქტების დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი 46 პირის მობილური ტელეფონი და მათი ტანსაცმელი; ჩატარდა 40-მდე პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა რამდენიმე ათეული სხვადასხვა სახეობის კომპიუტერული ტექნიკა, საიდანაც ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა; 36 პირს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა; საექსპერტო კვლევისათვის აღებული იქნა სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი ნიმუში; მოპოვებულია ასევე მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა და განხორციელდა მათი დათვალიერება.
ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით. ექსპერტიზაში ჩართულია დაზარალებული ოჯახის ინიციატივით მოწვეული ექსპერტიც.
გიორგი შაქარაშვილის საქმე: ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი წარუდგინეს >>
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.