მოზარდების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვანს 2 წლითა და სამი თვით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 წლითა და სამი თვით პატიმრობა შეუფარდა არასრულწლოვან დ.ღ.-ს, რომელიც ორი მოსწავლის – დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნო, იუწყება პირველი არხი.

სარალიძე და დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მსხვერპლი გახდნენ.

საქართველოში არასრულწლოვანმა დამნაშავეებმა, შესაძლოა, სასჯელს თავი ვერ აარიდონ >>

დ.ღ. 2018 წლის ივნისში განმეორებითი გამოძიების ფარგლებში დააკავეს, 2019 წლის იანვარში კი ის 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

დ.ღ.-ს ოჯახი განაჩენს „საჩვენებელ სასჯელს“ უწოდებს. ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ განაჩენს აუცილებლად სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სასამართლო - Sputnik საქართველო
მოზარდების მკვლელობის საქმე: მირზა სუბელიანი დამნაშავედ ცნეს

რაც შეეხება უშუალოდ დადუნაშვილისა და სარალიძის მკვლელობას, აღნიშნულ საქმეზე ორი არასრულწლოვანია დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 31 მაისს ერთ-ერთი მათგანი დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, მეორე – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. სარალიძის მკვლელის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. 

ამჟამად მოზარდების მკვლელობის საქმე სააპელაციო სასამართლოში იხილება.

დავით სარალიძის მამამ განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლომ დაადასტურა მისი ვერსია იმის შესახებ, რომ საქმეში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, თუმცა პროკურატურა თვეების განმავლობაში მის განცხადებას უგულებელყოფდა.

იმ პერიოდიდან ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე გაშლილია კარვები.

აქცია რაღაც დროით შეწყდა, ვიდრე საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობდა. თუმცა, იმის გამო, რომ კომისიის წევრებმა – ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა – ვერ მოახერხეს საქმის მასალების შესწავლასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება, სარალიძე კვლავ ქუჩაში გამოვიდა.

აჟიოტაჟის ფონზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის ახალი გამოძიებით დაკავდა, რომლის ფარგლებშიც დ.ღ.-სთან ერთად კიდევ ორი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი დააკავეს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომლის შვილიც ასევე იყო სისხლიანი გარჩევის მონაწილე.

 

ყველა ახალი ამბავი
0