თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი დანაშულის დაფარვაში დამნაშავედ ცნო და 1 წლითა 1 თვით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და პირველი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი მეორე დღეს საავდმყოფოში დაიღუპა. ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს ერთ-ერთი მათგანი დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, მეორე – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში.
იმ პერიოდში სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა.
საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი სუბელიანი, ვისი შვილიც ჩხუბში მონაწილეობდა, 2018 წლის ივნისში საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მას ბრალი დასდეს იმაში, რომ 1 დეკემბრის ღამეს ნათესავებთან იმყოფებოდა, რომელთაც მკვლელობის საქმეში ჰქონდათ ბრალდებულთა და მოწმეთა სტატუსი. საუბრისას სუბელიანმა გაიგო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ, რის შესახებაც არ აცნობა სამართალდამცველებს.
სუბელიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „დანაშაულის შეუტყობინებლობის" მუხლით აღიძრა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე „დანაშაულის დაფარვის" მუხლით გადააკვალიფიცირა.
აღსანიშნავია, სუბელიანი უკვე 9 თვეა პატიმრობაში იმყოფება. ასე, რომ მას კიდევ ოთხი თვე დარჩა პატიმრობა.
სასამართლო სხდომას ესწრებოდა მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც სამართალდამცველებს საქმის არასათანადო გამოძიებასა და ნამდვილი დამნაშავეების დაფარვაში ადანაშაულებს. სარალიძე პროტესტის ნიშნად პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციებს ამ დრომდე მართავს.
„მთავარია, რომ იგი (სუბელიანი) ბრალდებულია მხოლოდ შეუტყობინებლობის ნაწილში. დანარჩენს გამოძიება დაადგენს – რა ბრალი შეიძლება კიდევ წაეყენოს მომავალში მირზა სუბელიანს. წესით, მირზა სუბელიანისნაირი ადამიანები თავისუფლებაზე არ უნდა დადიოდნენ", – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
რაც შეეხება მოსწავლეების მკვლელობის საქმეს, ამ ეტაპზე მას სააპელაციო სასამართლო იხილავს. პროკურატურა სასამართლოს პირველ განაჩენს არ დაეთანხმა, რომელმაც მკვლელობაში დამნაშავედ მხოლოდ ერთი ბრალდებული ცნო.