მოჭიდავეების სკანდალი საქართველოში – ფედერაციის პრეზიდენტი მომხდარს ნანობს

© photo: JAKO FM / FBგეგა გეგეშიძე
გეგა გეგეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მოჭიდავეთა კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებს შეხვდა.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნანობს ინციდენტს, რომელიც ევროპის ორგზის ჩემპიონთან ზურაბ დათუნაშვილთან მოუხდა.

ინციდენტი, რომელზეც გეგეშიძე საუბრობს, 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრისას რობერტ ქობლიაშვილსა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მოხდა. მას შემდეგ, რაც დათუნაშვილმა გააპროტესტა მსაჯების გადაწყვეტილება, ტრიბუნებზე დაიწყო არეულობა და ჩხუბი, რა დროსაც დათუნაშვილს წარბი გაუხეთქეს. დათუნაშვილმა განაცხადა, რომ მას გეგეშიძემ დაარტყა.

მოჭიდავეების სკანდალმა საქართველოში პარლამენტამდე მიაღწია >>

„ყველაფერი დეტალურად გავიარეთ. შევჯერდით იმაზე, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ. დაველოდოთ პრეზიდიუმის სხდომას. რა თქმა უნდა, ვნანობ. ეს არ არის კარგი. არც ჩემი საქციელია კარგი, არც სპორტსმენის, მაგრამ ზოგადად უნდა გამოვასწოროთ, მთავარი ეს არის. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში, იმიტომ რომ ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების წელია და, რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენ ფედერაციაზე“, – განაცხადა გეგეშიძემ.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე - Sputnik საქართველო
მოჭიდავეთა სკანდალი: მინისტრმა პირველი განცხადება გააკეთა

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გეგეშიძეს ბრალი „ძალადობის“ მუხლით წაუყენეს. ის დააკავეს, თუმცა 24 იანვარს 5000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ამის შემდეგ დათუნაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მისი თანამშრომლობა ფედერაციის მოქმედ ხელმძღვანელობასთან შეუძლებელია და ის საქართველოს დატოვებას და სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას გეგმავს.

პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე სპორტსმენს ამ განცხადების შემდეგ შეხვდა.

„ჭიდაობის ფედერაციამ წლის საუკეთესო ფედერაციის ტიტული მოიპოვა და სხვადასხვა ტურნირებში არაერთი ჩემპიონი და წარმატებული მოჭიდავე გვყავს. ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს და მთავარი მოტივია სტაბილურად განვითარდეს როგორც სპორტსმენების წარმატებები, ასევე ფედერაციის საქმიანობა. რაც შეეხება იმ არასასიამოვნო ინციდენტს, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, დარწმუნებული ვარ, იგი არავის ინტერესში არ შედიოდა, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტი მოხდა. როგორც ზურაბ დათუნაშვილთან, ასევე გეგა გეგეშიძესთან აღნიშნულ ინციდენტზე გულწრფელად ვისაუბრეთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

დეპუტატის თქმით, სპორტსმენებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა ფედერაციის შიგნით მოგვარდეს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ სფეროში გადაწყდეს და მოგვარდეს პრობლემები, და ფედერაციის შიგნით, მსჯელობის და დისკუსიის შედეგად იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მთავარია, ის წარმატებები, რომლებიც გვქონდა, კვლავ გაგრძელდეს და არც ერთი მოჭიდავე არ იყოს დაჩაგრული და ყველა სპორტსმენს ჰქონდეს სრულყოფილად მომზადების და ასპარეზობის საშუალება. ეს არის ყველა ჩვენგანის საერთო საკეთებელი საქმე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კარიერის დასასრული თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა – ქართველი მოჭიდავის დილემა >>

ამასთან, ეს პირველ შემთხვევა არაა, როდესაც ცნობილი მოჭიდავე სკანდალში ეხვევა. 2017 წლის მაისში დათუნაშვილი თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. სპორტსმენი საავადმყოფოდან სამი დღის შემდეგ გაწერეს. მაშინ ინციდენტის დეტალები არ გახმაურებულა.

ყველა ახალი ამბავი
0