თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორი აქტივისტი – ირმა და ინგა ხაროიშვილები სოციალურ ქსელში სკანდალური ვიდეოს გავრცელების საქმეზე დააკავეს. ვიდეო პარლამენტის დეპუტატ ეკა ბესელიას პირად ცხოვრებას ასახავს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ქალები ბათუმის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. პოლიციაში ისინი მას შემდეგ დაიბარეს, რაც მათ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ მიიღეს შეტყობინება სკანდალური ვიდეოს შესახებ.
„ნაცვლად იმისა, რომ ამ კადრების გამავრცელებლები დააკავონ, აღკვეთონ და სამაგალითოდ დასაჯონ, მოვიდნენ და ჩვენი პარტიის აქტივისტი ორი ქალბატონი წაიყვანეს, ქალები, რომლებმაც გაურკვეველი წარმომავლობის რაღაც ფეიკებისგან მიიღეს ეს ვიდეო. ვამბობთ, რომ ამას იღებს მთელი დღის განმავლობაში ჩვენი აქტივის ბევრი წარმომადგენელი", – განაცხადა ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ მირდატ ქამადაძემ.
ამჟამად ქალები დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან. ერთი მათგანი ხაშურშია, ხოლო მეორე – რუსთავში.
ეს ვიდეოს გავრცელების პირველი შემთხვევა არ არის. ვიდეო, როგორც თავად ბესელიამ განაცხადა, ინტიმური ხასიათისაა. პირველი ვიდეო 28 იანვარს სოციალურ ქსელში მიიღო პარლამენტის ოპოზიციური დეპუტატის დავით ჭიჭინაძის რძალმა. როგორც კი ჭიჭინაძემ ამის თაობაზე განაცხადა, ის და მისი რძალი პოლიციაში დაკითხვაზე გამოიძახეს და აღძრეს სისხლის სამართლის საქმე პირადი ცხოვრების ხელყოფის მუხლით. სამართალდამცველ უწყებებს არ გააჩნიათ პასუხი კითხვაზე – ვინ გაავრცელა ვიდეო.
ბესელიამ გუშინ ტელეკომპანია TV Pirveli-ს ეთერში განაცხადა, რომ ის ჯერჯერობით შეფასებებისგან თავს შეიკავებს, რადგან გამოძიება გრძელდება. ეს კადრები დღესაც გავრცელდა და დანაშაულებრივი ქმედებები გრძელდება, აღნიშნა მან.
ბესელიას თქმით, ბოლო დროს გავრცელებული ვიდეო სამი წლის წინანდელ სისხლის სამართლის გახმაურებულ საქმეში იდო ნივთმტკიცებად. მაშინ სოციალური ქსელით გავრცელდა ინტიმური ხასიათის ვიდეო სხვადასხვა პოლიტიკოსზე და ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი, მისი ნახვა ბევრმა მოასწრო. ბესელიამ განაცხადა, რომ ეს ვიდეო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს ჩაიწერა, ანუ 2012 წლამდე.
შურისძიება დაუმორჩილებლობისთვის თუ ბოლომდე არმიყვანილი საქმე – აგორდა ახალი სკანდალი>>
რაც შეეხება ბოლოდროინდელ მოვლენებს, ბესელიამ მიანიშნა, რომ ამჯერად ვიდეოს გავრცელება შეეძლო მას, ვისაც ხელი მიუწვდება 2016 წელს გახსნილი საქმის სასამართლოს მასალებზე. მისი თქმით, საეჭვოა ის, რომ ეს დაემთხვა მის კონფლიქტს მოსამართლეებთან, რომლებიც უზენაეს სასამართლოში მუშაობის პრეტენდენტები იყვნენ.
ფარული ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.