თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები კვლავ გავრცელდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაბლოკა და საქმეც აღძრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება მოახდინა სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით. სამართალდამცველების მიერ მოხდა ამავე ქსელის ადმინისტრაციის ჯგუფთან კომუნიკაცია. შედეგად, გავრცელებული ვიდეოკადრები სოციალური ქსელიდან წაიშალა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.
თავად ეკა ბესელიამ კადრების გავრცელების შესახებ ლონდონში გაიგო, სადაც ის მივლინებით იმყოფებოდა და საიდანაც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
„გავიღიმე ამ ყველაფერზე და მინდა ვუთხრა იმათ, ვინც დგას ამ ყველაფერის უკან. თქვენ ეტყობა მე არ მიცნობთ კარგად იმიტომ, რომ ასეთ მდაბიო, ასეთ საცოდავ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები, რომლებიც არიან უკვე უფრო დაბლა ვიდრე ჭაობი... ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და ვიღაც არ იკადრებდა ამას. ამისთვის მზად ვიყავი. ეს არ არის ახალი ჩანაწერი. ეს უკანონო ჩანაწერი, რომელიც ასახავს ოჯახური საიდუმლოების და სივრცის უკანონო ჩანაწერს... აქ არაფერი არ არის ასახსნელი, უბრალოდ ფორმაა ამაზრზენი, ეს ჩანაწერი დევს იმ სისხლის სამართლის საქმეში, მე ვთქვი ეს როგორც ფაქტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიას განცხადებით, ის გახდა მორალური ტერორის მსხვერპლი. ბესელიამ პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა და საგამოძიებო უწყებებს დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.
ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ შესაძლოა კადრები თავად ეკა ბესელიამ გაავრცელა. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს მოსამართლის მხრიდან არის მდაბიო საქციელი.
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კი, რომელმაც ამ კადრების გავრცელების შესახებ პირველმა განაცხადა, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ვიდეოები სასამართლოდან გავრცელდა. ამ ვარაუდს ის ასაბუთებს მოსამართლეების მიერ გაკეთებული განცხადებებით.
„პრინციპში, ძირითადად ის განცხადებები, რასაც მოსამართლეები აკეთებენ. აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ ასეთი დაბალი ზნეობის ადამიანებს შეეძლოთ ამ ნაბიჯების გადადგმა. ეს არის შურისძიება", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ეს ვიდეოები შეიძლება ჰქონდეთ ძალოვანი სტრუქტურის ყოფილ წარმომადგენლებს, და ასევე არის ორ უწყებაში დალუქული.
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელების შესახებ განცხადება დავით ჭიჭინაძემ 2 დღის წინაც გააკეთა. დეპუტატი ირწმუნებოდა, რომ ვიდეო ბესელიას შესახებ მის რძალს Facebook-ით გაუგზავნეს.