თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრი პროკურატურა, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულების დაკავების შესახებ განაცხადა, დიდი ბრიტანეთისგან მილიარდერის გარდაცვალების საქმის მასალებს უკვე ორი წელია ელოდება, განაცხადა საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ პირველი არხის ეთერში.
ბადრი პატარკაციშვილის დედა ბოლო მოვლენების გამო საავადმყოფოში მოხვდა >>
პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს გულის შეტევით 52 წლის ასაკში ლონდონში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების განცხადებით, ბიზნესმენი მოკლეს. თავდაპირველად ბრიტანეთის ხელისუფლება გარდაცვალების ფაქტს საეჭვოდ მიიჩნევდა, თუმცა მოგვიანებით ბიზნესმენის უეცარი გარდაცვალების მიზეზად გულის იშემიური დაავადება დასახელდა.
სამშაბათს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნილია. პროკურატურა მილიარდერის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას არ უარყოფს, თუმცა, ამავდროულად აცხადებს, რომ მის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მისი მკვლელობა იგეგმებოდა. დასკვნას საფუძვლად დაედო 2007 წლის 4 და 5 თებერვლით დათარიღებული აუდიო ჩანაწერები, რომელიც პროკურატურამ 2016 წლის დეკემბერში აღმოაჩინა, როდესაც სხვა გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული დააკავა.
„ვგულისხმობ აუდიოჩანაწერს და ასევე სხვა მტკიცებულებებს, რაც ჩვენ მოვიპოვეთ უშუალოდ მკვლელობის მომზადების საქმეზე. ასევე გვინდა, აღვნიშნოთ, რომ 2016 წლის სექტემბერში გამოძიებამ ბრიტანეთის შესაბამის ორგანოებს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გაეგზავნა მოთხოვნა მისი გარდაცვალების შესახებ ყველა დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
მისი თქმით, მთავარი პროკურატურა სხვა დეტალების გამოვლენას არ გამორიცხავს.
პატარკაციშვილის ქვრივი ბრიტანეთის უმდიდრეს ქალთა სიაში შევიდა >>
„ამ ეტაპზე, გამოკვეთილია მკვლელობის მომზადების ფაქტი, თუმცა ვცდილობთ, სრულყოფილი გამოძიება ჩავატაროთ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც სიმართლეს დაადგენს“, – განაცხადა პროკურორმა.
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურატურამ შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ყოფილ მაღალჩინოსნებს გიორგი მერებაშვილს, პატიმრობაში მყოფ ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს ბრალი წარუდგინა. მერებაშვილს პატიმრობა შეუფარდა.
რაც შეეხება შიუკაშვილს, ის ოთხწლიან პატიმრობას იხდის საქმეზე, რომელიც პოლიტიკოსების მონაწილეობით ინტიმური ხასიათის ფარული ვიდეოჩანაწერების შექმნას ეხებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას განაჩენი 2017 წლის ივლისში გამოუტანა. გარდა ამისა, შიუკაშვილი ფიგურირებს საქმეში, რომელიც 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის სასტიკ დარბევას ეხება.
რაც შეეხება ლევან ქარდავას, 2014 წელს მას 11 წლით პატიმრობა შეეფარდა საქმეზე, რომელიც 2006 წელს „ნავთლუღის სპეცოპერაციას“ ეხებოდა, რომლის დროს სამი ადამიანი მოკლეს.