თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ფაშისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერს, გიორგი ჭელიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, იუწყება პირველი არხი.
გუშინ პოლიციამ ჭელიძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავა. დაკავებულს ბრალი დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში წარედგინა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადვოკატის ინფორმაციით, ჭელიძე ბრალს არ აღიარებს.
„ეს პროცესი არის წმინდა პოლიტიკური პროცესი. ჭელიძეს დევნიან პოლიტიკური მიზნით, არღვევენ მის უფლებას, აზრის და გამოხატვის თავისუფლებას. ეს პირველი შემთხვევა არ არის მისი უკანონოდ დაკავების“, — განაცხადა ჭელიძის ადვოკატმა ბესარიონ ბოჭორიშვილმა.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ჭელიძეს „ცრუ ბრალი შეუთითხნეს“ საბრძოლო ვაზნებთან დაკავშირებით, რაც არ დასტურდება ექსპერტიზის დასკვნებით.
„ბრალს, რა თქმა უნდა, არ აღიარებს. საქმის მასალები გადმოგვეცა, რომელსაც ჯერ არ გავცნობივართ”, – აცხადებს ბოჭორიშვილი.
აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო 3 სექტემბერს იმსჯელებს. მანამდე კი ჭელიძეს 5 ადვოკატი დაიცავს.
სისხლის სამართლის საქმე მოძრაობის Facebook-გვერდზე ატვირთული ორი ვიდეოს საფუძველზე 31 აგვისტოს აღიძრა.
თავად ჭელიძის გვერდზე გამოქვეყნებულია კიდევ ერთი ვიდეო სახელწოდებით „ფაშისტური კვირადღე" — ქართველი მამრი კვირაში მინიმუმ ერთ დღეს უნდა უთმობდეს სპორტულ და საბრძოლო მომზადებას".
შსს-მ „კლუბური აქციის" მისამართით გამოთქმული მუქარისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრა >>
ჭელიძის საცხოვრებელი ჩხრეკის დროს პოლიციამ სხვადასხვა ტიპის იარაღი ამოიღო, რომლის შემოწმების მიზნით ექსპერტიზა დაინიშნა.
„საქართველოს ეროვნული ერთობის" შესახებ ქვეყანაში ლაპარაკი 13 მაისს დაიწყეს, როდესაც მისმა წევრებმა სხვა ნაციონალისტური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია მოაწყვეს. ისინი ემუქრებოდნენ ლიბერალურად განწყობილ ახალგაზრდებს, რომლებმაც პარლამენტის შენობის წინ პოლიციის მოქმედებების წინააღმდეგ და ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მოთხოვნით მიტინგი მოაწყვეს. ნაციონალისტების აღშფოთება გამოიწვია აქციაზე ლგბტ–საზოგადოების მხარდამჭერმა განცხადებებმა. ამის შემდეგ ორგანიზაცია მედიის რადარებიდან გაქრა.