თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ქობულეთსა და ბათუმში, მათ შორის, დაბა მახინჯაურში გუშინდელმა გადაუღებელმა წვიმამ დატბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და კომერციული ფართები, იუწყება აჭარის ტელევიზია.
წვიმა აჭარაში პარასკევს დილით დაიწყო. უამინდობის შედეგად არსებული პრობლემების აღმოფხვრას შესაბამისი სამსახურები დილიდანვე შეუდგნენ. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე პირადად გაეცნო თანამოქალაქეების პრობლემებს.
„რა გვეშველება არ ვიცით. ჩვენთან არავინ მოსულა. ახალგაზრდები მეხმარებიან მაღაზიიდან წყლის ამოტუმბვაში", — განაცხადა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო და ვიდეოკადრებიდან გამომდინარე, ყველაზე რთული მდგომარეობა მახინჯაურში იყო, სადაც ქუჩებში წყლის დონე მსუბუქი ავტომობილების ფანჯრებამდე აღწევდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ეს მიწაა, რომელიც წვიმის შედეგად მთებიდან დაიძრა.
რაც შეეხება ქობულეთს, იქ დაიტბორა ეზოები, სარდაფები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ადგილობრივების განცხადებით, წყალდიდობის მიზეზი გაუმართავი სანიაღვრე არხებია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ქობულეთიდან 36 გამოძახება შევიდა, ბათუმიდან 80, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უამინდობამ პრობლემები შექმნა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც მდინარეებსა და ხეობებში წყლის დონემ მოიმატა. ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ხობში, აბაშასა და მარტვილში საკარმოდამო ნაკვეთებსა და კომერციულ ფართებში წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
„მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა დროულად მოხდეს უამინდობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრა", — აღნიშნულია განცხადებაში.