საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ლეოგრანდის" დახურვას მოითხოვს

© Sputnik / Seyran Baroyanლეოგრანდი
ლეოგრანდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული წლის ნოემბერში სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ირანის ერთი და საქართველოს 10 მოქალაქე ემსხვერპლა, 21 მათგანი კი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე „ველმონდის" (ყოფილი „ლეოგრანდის") შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასტუმრო „ლეოგრანდი“ - Sputnik საქართველო
„ლეოგრანდის“ მენეჯერები სასამართლომ გირაოთი არ გაათავისუფლა

2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძარი გაჩნდა, რომელსაც მეხანძრეები ოთხი საათის განმავლობაში აქრობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აალება სპა-სალონში მოხდა. ხანძარს ირანის ერთი და საქართველოს 10 მოქალაქე ემსხვერპლა. ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.

„ლეოგრანდი“ ხანძრის დროს დაღუპულების ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის>>>

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერტიზების პასუხების შედეგად დადგინდა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი" სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა. ოთხთვიანი გამოძიების შემდეგ სასტუმროს ტექნიკური მენეჯერი და ტექნიკური საწყობის ზედამხედველი დააკავეს.

ხანძრის შემდეგ მიმდინარე წლის მაისში სასტუმრო „ლეოგრანდმა" განაახლა მუშაობა ახალი სახელით „ველმონდი".

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სპეციალისტებმა 2018 წელს, სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით სახანძრო-ტექნიკური შემოწმება (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სამჯერ განახორციელეს. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა.

„სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილზე ევაკუაციისა და გადარჩენის შესაძლებლობას. გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა", — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, შენობაში არ შექმნილა საევაკუაციო გზებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურა და გაურკვეველია, როდის დამონტაჟდება სართულების დამაკავშირებელი გარე საევაკუაციო კიბე.

ხანძარი ბათუმში, სასტუმრო ლეო გრანდში - Sputnik საქართველო
ტრაგედია ბათუმში: ხანძარი სასტუმრო "ლეოგრანდში"

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაუშვებლად მიიჩნევდა სასტუმრო და სამორინე  „ველმონდის" შენობის ექსპლუატაციაში შესვლას.

„თუმცა, სასტუმროს ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის 17 მაისს, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნისა და 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგების სრული იგნორირებით, განაახლა შენობის ექსპლუატაცია", – ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უკვე მიმართა სასამართლოს, რათა განჩინების საფუძველზე სასტუმრო და სამორინე „ველმონდის" შენობას შეუჩერდეს ექსპლუატაცია.

„ველმონდი" ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს აშენდა ზღვის სანაპიროზე, პორტის მახლობლად. აჭარის მთავრობის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

ყველა ახალი ამბავი
0