„ლეოგრანდის“ მენეჯერები სასამართლომ გირაოთი არ გაათავისუფლა

© Sputnik / Seyran Baroyanსასტუმრო „ლეოგრანდი“
სასტუმრო „ლეოგრანდი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურორის თქმით, დაკავებულთა მხრიდან მიმალვის ალბათობა არსებობს

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტექნიკურ მენეჯერსა და ტექნიკური საწყობის ზედამხედველს  ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.  

სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯერები პარასკევს ბათუმში დააკავეს.

„ერთ-ერთი ბრალდებული ერთხელ უკვე იმყოფებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ის ნასამართლევია, ამიტომ არსებობს ალბათობა, რომ ის მიიმალოს, რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მას აქვს კავშირები თურქეთში და ასევე არის საშიშროება, რომ მან გამოიყენოს კავშირები და მიემალოს გამოძიებას, ამიტომ ვითხოვთ წინასწარ პატიმრობას, რათა ხელი არ შეეშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას“, — განაცხადა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ სასამართლო პროცესზე.

პროკუროს განცხადებით, დანაშაული არის მძიმე, ის ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობას და ეს გარემოებები აძლიერებს რისკებს, რომ „ლეოგრანდის“ ტექნიკურმა მენეჯერმა და ტექნიკური საწყობის ზედამხედველმა თავი აარიდონ სასამართლოს. 

დაცვის მხარემ კი მოსამართლეს ორივე დაკავებულისთვის 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. 

დაკავება - Sputnik საქართველო
სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯერები დააკავეს

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დიახ, წლების წინ იყო ნასამართლევი, მაგრამ მას შემდეგ ერთხელაც არ ჰქონია მცირედი გადაცდომა, უკვე გაქარწყლებულ დანაშაულზე შეიძლება მთელი ცხოვრება ვისაუბროთ და შევახსენოთ ადამიანს? მით უმეტეს, როცა მას გაუფრთხილებლობას ვედავებით, ამიტომ ვერ დავეთანხმები პროკურატურის მოსაზრებებს“, — განაცხადა გ.ი.-ს ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

მოსამართლემ დაცვის არგუმენტები არ გაითვალისწინა. გადაწყვეტილებას დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა.

ხანძარს, რომელიც სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს დაიწყო, ოთხი საათის განმავლობაში აქრობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აალება სპა-სალონში მოხდა.

ხანძარს ირანის ერთი მოქალაქე და საქართველოს 10 მოქალაქე ემსხვერპლა. გოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება

„ლეოგრანდი" ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა. აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0