თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯერები, სადაც ხანძრის დროს 11 ადამიანი დაიღუპა, განაცხადა ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ.
დაკავებულია ორი მენეჯერი. ერთ-ერთი თურქეთის მოქალაქეა.
ხანძარს, რომელიც სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს დაიწყო, ოთხი საათის განმავლობაში აქრობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აალება სპა-სალონში მოხდა.
ხანძარს ირანის ერთი მოქალაქე და საქართველოს 10 მოქალაქე ემსხვერპლა. გოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
„ლეოგრანდი" ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა. აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.