01:13 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
116 0 0

საქართველოს სუს-ის თანამშრომლებმა ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, ტერორისტ ახმედ ჩატაევსა და მის თანამზრახველებს საქართველოში მალულად შემოსვლაში დაეხმარნენ

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) ნოემბრის ბოლოს თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ლიკვიდირებული ადამიანების ვინაობა დაადგინა. ისინი აღმოჩნდნენ რუსეთი მოქალაქეები იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, განაცხადა სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანმა ბრიფინგზე.

თბილისში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელს სალოსის ქუჩაზე ჩატარდა, რომელიც თითქმის 24 საათს გაგრძელდა. სპეცოპერაციისას დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ოთხი კი დაიჭრა.

„საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი. იგი რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა: რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი", — განაცხადა გიორგობიანმა.

უფრო ადრე მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქ საიდ დუდაევია. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

გარდა ამისა, გამოქვეყნდა ბოლო სპეცოპერაციის დეტალები, რომელიც სამშაბათ დილით პანკისის ხეობის სოფლებში, დუისსა და ოამლოში ჩატარდა. სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს ხუთი მოქალაქე — ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი.

მათ ბრალად ედებათ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირი. სუს-ის მონაცემებით, სწორედ ისინი დაეხმარნენ ჩატაევსა და მის დაჯგუფებას, თურქეთიდან საქართველოში მალულად მოხვედრილიყვნენ და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაედოთ ბინა.

„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში", — განაცხადა გიორგობიანმა.

მან ასევე ისაუბრა იარაღის სამალავზე, რომელზე გასვლაც სამართალდამცველებმა შეძლეს.

„სპეცოპერაციის დროს დაკავებული და გარდაცვლილი პირების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მასალების შესწავლის შედეგად, დადგენილია იარაღის სამალავის კონკრეტული ადგილი. ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუქები, დურბინდები, რაციები და სხვადასხვა მტკიცებულებები", — აღნიშნა გიორგობიანმა.

რაც შეეხება ინფორმაციას ბოლო სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ხუთიდან ერთ-ერთი ბრალდებული — მაჩალიკაშვილი დაჭრილია. სუს-ის მონაცემებით, როდესაც მან ხელყუმბარის ამოქმედება სცადა, ეს სპეცრაზმელებმა შენიშნეს და მას ცეცხლი გაუხსნეს. მაჩალიკაშვილი თავში დაიჭრა. ამჟამად ის საავადმყოფოში იმყოფება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ტერორიზმის დაფინანსება", რაც ითვალისწინებს 17-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)

მთავარი თემები