ცნობილი გახდა, საიდან ჰქონდათ თბილისში ტერორისტებს იარაღი

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ნოემბრის ბოლოს განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის საქმის გამოძიებაში საქართველოს აშშ-ის ძიების ფედერალური ბიურო ეხმარება.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. პირებმა, რომელთა წინააღმდეგ თბილისში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, იარაღი ტყეში არსებული სამალავიდან აიღეს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა.

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 საათს გაგრძელდა — ის 21 ნოემბრის საღამოს დაიწყო და აქტიურ ფაზაში 22 ნოემბერს გადავიდა. პერიოდულად მიმდინარეობდა სროლა და ისმოდა აფეთქებების ხმა. დაკავებულია ერთი პირი — რუსეთის მოქალაქე საიდ დუდაევი, სამი გარდაცვლილია. მათგან ორი ლიკვიდირებულია, ერთმა — ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.

„დავადგინეთ საიდან აქვთ იარაღი მოძიებული, საიდან მიიტანეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე სახლში. ეს იარაღი ტყეში ნაპოვნი ერთ-ერთი სამალავიდან იყო ამოღებული. ახლა ველოდებით ექსპერტიზას, რათა ზუსტად დადგინდეს – თუ დაემთხვევა მიწა, რაც სამალავის ადგილზე აღმოვაჩინეთ, იარაღებზე არსებულს", — განაცხადა გომელაურმა.

სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
ტერორისტ ჩატაევს ჩაბარებას სთავაზობდნენ - სუს-ი სპეცოპერაციის შესახებ

მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია სამალავის შესახებ საქართველოს სუს-მა აშშ-ის FBI-სგან (ძიების ფედერალური ბიურო) მიიღო, რომელიც გამოძიებაში პირველივე დღეებში ჩაერთო.

აშშ ამჟამად საქართველოს სპეცოპერაციისას მოკლული ორი პირის ვინაობის დადგენაში ეხმარება.

„ლიკვიდირებულებიდან ვიცით ერთ-ერთის ვინაობა, დანარჩენზე ვმუშაობთ. ამერიკელი კოლეგები გვეხმარებიან დანარჩენი პირების ვინაობის დადგენაში", — განაცხადა გომელაურმა.

სუს-ის უფროსმა სპეცოპერაციის საქმის მასალები უკვე გააცნო საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ნდობის ჯგუფში შედიან და საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა აქვთ.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის სპეცრაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, დაიჭრა სუს-ის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 328-ე („უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანება ანდა მისი დახმარება ტერორისტულ საქმიანობაში"), 323-ე („ტერორისტული აქტი, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი") და 323-ე პრიმა მუხლებით („ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან გამოყენება ტერორისტული მიზნით").

ყველა ახალი ამბავი
0