პროკურატურა: „ცენტრ–პოინტის“ ხელმძღვანელობამ 20 მლნ აშშ დოლარამდე გაფლანგა

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პროკურატურა ვახტანგ რჩეულიშვილის ოჯახის კუთვნილ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელობას მენაშენეთა კუთვნილი 20 მილიონამდე აშშ დოლარის გაფლანგვაში სდებს ბრალს.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. სამშენებლო კომპანია „ცენტრ–პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს, მის ვაჟს – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გურამ რჩეულიშვილს, შპს "ცენტრ–პოინტი აჭარას“ დირექტორებს ირაკლი მინდელსა და სალომე ჩარკვიანს მენაშენეთა ფულადი სახსრების გაფლანგვაში ედებათ ბრალი, აღნიშნეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურში

კვირას პროკურატურის თანამშრომლებმა ჩარკვიანი და მინდელი დააკავეს. გურამ (გუკა) რჩეულიშვილის დაკავება ვერ მოხერხდა. პროკურატურის აზრით, ის განგებ არიდებს თავს გამოძიებას. მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მასზე ძებნას გამოაცხადებენ.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: „ცენტრ–პოინტის“ საქმეში პოლიტიკური მოტივი არ არის

პროკურატურამ სასამართლოს მაია რჩეულიშვილის დაკავების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ ამ მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა. დღეს მაია რჩეულიშვილი პროკურატურაში დაკითხეს. დაკითხვის შემდეგ, რომელიც თითქმის ორ საათს გაგრძელდა, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამომძიებლები მას იმაში ადანაშაულებენ, თითქოს ის ქრთამს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აძლევდა.

„920 რეგისტრაცია აქვს გავლილი ხალხს. დიდი ხანია ცხოვრობენ იქ, აქირავებენ და თვეში 500 დოლარი აქვს თითოეულ მაცხოვრებელს შემოსავალი. ახლა მოხდება ალბათ გამოძიება და გამოძიების დროს გაიცვლება დოკუმენტაცია. ბათუმის „მაგნოლია“ არის ჩემი შპს და მეუბნებიან, რომ აღებულია თანხები. ჩემი შპს-დან, რასაკვირველია, თუ იყო მოგება, აღებული იქნებოდა თანხები. პირდაპირ აკეთებენ განცხადებას, რომ მე ქრთამს ვაძლევდი მიშა სააკაშვილს“, – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი საცხოვრებელი სახლისა და საცხოვრებელი კომპლექსი „თეთრი მაგნოლიას“ მშენებლობასთან დაკავშირებით. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სახლები აუშენებელია, ხოლო „თეთრი მაგნოლიას“ მშენებლობის ვალდებულებები კომპანიამ ბოლომდე არ შეასრულა.

ჩარკვიანმა 2004 წლის ივლისიდან 2006 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, როდესაც „ცენტრ–პოინტ ჯგუფის“ აჭარის ფილიალს ხელმძღვანელობდა, დაახლოებით 3,8 მლნ ლარი გაფლანგა, ირწმუნება გამოძიება.

მშენებლობები თბილისში - Sputnik საქართველო
სამართალდამცავებმა კომპანია "ცენტრპოინტის" თანამშრომლები დააკავეს

ფულადი სახსრები მენაშენეებს ეკუთვნოდათ და საცხოვრებელი სახლებისა და კომპლექსის ასაშენებლად იყო განკუთვნილი. ჩარკვიანმა, პროკურატურის აზრით, სახსრები მაია და გუკა რჩეულიშვილის მითითებით გაფლანგა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მინდელმა, რომელმაც თანამდებობაზე ჩარკვიანი შეცვალა, 2006 წლის ნოემბრიდან 2010 წლის ოქტომბრის ჩათვლით 15,9 მლნ ლარი გაფლანგა. ეს თანხაც მენაშენეებს ეკუთვნოდათ.

გარდა ამისა, მინდელმა და გუკა რჩეულიშვილმა, 2009 წლის ივლისიდან 2010 წლის მარტის ჩათვლით ერთად დაახლოებით 1,7 მლნ ლარი მიითვისეს.

პროკურატურაში ასევე აღნიშნავენ, რომ 2005 წლის მაისიდან 2010 წლის სექტემბერის ჩათვლით პერიოდში კომპანია „ცენტრ–პოინტ ჯგუფში“ მოქალაქეებისგან 64 219 606 ლარი შევიდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

„ცენტრ–პოინტ ჯგუფი“ 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. მისი მფლობელები არიან დები — მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. მათ კომპანიის 50-50% ეკუთვნით.

„ცენტრ–პოინტი“ სკანდალის ცენტრში არაერთხელ მოექცა. თბილისისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობამ კომპანიის მფლობელები თაღლითობასა და ფულის მითვისებაში ბევრჯერ დაადანაშაულა.

ყველა ახალი ამბავი
0