15:05 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
59 0 0

ქართველი მომღერალი, ლოტბარი და ფოლკლორის გამორჩეული ქომაგი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში კორონავირუსის გართულებით 31 მარტს გარდაიცვალა. ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობასთან ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. მთავრობის მეთურმა ქართული კულტურის განვითარებაში ანზორ ერქომაიშვილის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მემორიალური დაფის გახსნა კიდევ ერთხელ გამოხატული მადლიერებაა იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რაც ანზორ ერქომაიშვილმა ქართული კულტურისთვის და საქართველოს წინაშე გასწია.

„ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლზე და მის საქმეზე, რომელიც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. მან პრაქტიკულად მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს ქვეყანას, ქართულ მუსიკას, ფოლკლორს და შექმნა უზარმაზარი, უნიკალური ბაზა, რომელიც შემოუნახა და გადაეცა ჩვენს მომავალ თაობას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრნენ ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

გარდა ამისა, აპრილის თვეში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული კულტურის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილის აღსანიშნავად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება. ასევე მისი სახელი ეწოდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზს.

ანზორ ერქომაიშვილი 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. 1968 წლიდან 2019 წლამდე იყო ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014). საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ეწოდა>>

ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

მთავარი თემები