სწავლა შაბათობითაც იქნება? 15 სექტემბერს, თითქმის შვიდი თვის შემდეგ სკოლის ზარი დაირეკება

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ მხოლოდ I-IV კლასის მოსწავლეებისთვის განსაზღვრა.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი თბილისის ბაგა-ბაღებში>>

დღეს ცნობილი გახდა ის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებისთვის შეიმუშავა. სწორედ არსებული რეკომენდაციების საფუძველზე განახლდება საქართველოს 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს.

განათლების სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.

რაც შეეხება დანარჩენ კლასებს, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი დანერგოს.

სასწავლო წლის დაწყება - Sputnik საქართველო
„ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული“ – მინისტრი საქართველოში სასწავლო პროცესის დაწყებაზე

ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII–XI კლასებში – მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე.

შერეული სწავლების მოდელი სკოლის ადმინისტრაციამ განათლების სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრთან უნდა შეათანხმოს.

განათლების სამინისტრო ყველა სკოლას საშუალებას აძლევს, ინდივიდუალური შესაძლებლობების, მოსწავლეთა რაოდენობასა და სასკოლო ფართს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით დაგეგმოს სასწავლო პროცესი. კერძოდ, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინიმუმ 30-წუთიანი გაკვეთილები);
  • განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ);
  • განსაზღვრონ და მოქნილი ორგანიზება გაუკეთონ ცვლებს;
  • საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე.

სასწავლო პროცესი საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში კორონავირუსის პანდემიის გამო 2 მარტს შეჩერდა. სწავლის განახლების ვადა სამჯერ გადაიტანეს. საბოლოოდ კი 24 აპრილს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებები მუშაობას სექტემბრამდე არ აღადგენდენ.

ყველა ახალი ამბავი
0