თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ყველა სამთავრობო ორგანო საგანგებო 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზე გადადის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 24 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ორს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
„მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი", – განაცხადა გახარიამ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გამოწვევები ყოველდღიურად გაიზრდება.
„ჩვენ ვალდებულები ვართ, შესაბამისად მზად ვიყოთ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მოხუცებზე, ბავშვებზე და ერთმანეთზე. მთავრობის ყველა ორგანო გადადის საგანგებო 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზე, განსაკუთრებით ეს ეხება ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის უწყებებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებზე ფუნქციონირებენ", – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1 აპრილამდე გახანგრძლივდა, მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შეჩერდეს ერთი თვით – 13 აპრილამდე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა>>
ამ ეტაპზე ქვეყანაში კარანტინში რჩება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 49 პირი.