12:00 12 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2028
  • 100 RUB4.5482
  • USD2.8896
დავით-გარეჯი

„პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ" – ილია მეორე დავით-გარეჯის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე

Photo: courtesy of Miho Neiman
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (39)
106 0 0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა სასულიერო პირებს, მრევლს, ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა, იმგვარად გადაწყვიტონ საზღვრის აქამდე შეუთანხმებელი მონაკვეთების საკითხი, რომ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები შენარჩუნდეს.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს.

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ დავით-გარეჯის საკითხი გადაწყდება>>

საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ ქვეყანაში აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით არ შეწყვეტილა. ამას ისიც დაემატა, რომ, მიუხედავად საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე ერთობლივი კომისიის მუშაობის აღდგენისა, აზერბაიჯანულმა მხარემ დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის მშენებლობა გააგრძელა. ქართულმა მხარემ მოითხოვა შესაბამისი განმარტება და ასევე მოითხოვა, რომ საზღვრის სადავო მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალოს, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ, საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში. მაგრამ პროვიკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ!" – ნათქვამია ილია მეორის განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

მისი თქმით, პრობლემის გადაჭრის მრავალი რესურსი არსებობს.

„მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, როდესაც ეკლესია ჯერ არ ჩართულა განხილვებში, როდესაც არსებობს აზერბაიჯანულ მხარესთან ურთიერთობის არაერთი საშუალება, როდესაც შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით პრობლემის ცივილიზებულად და სამართლიანად გადაწყვეტა, ამ რესურსების უგულებელყოფა და მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება სწორედაც რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება", – ნათქვამია განცხადებაში.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს, რომ დაძაბულობის კერის შექმნა აზერბაიჯანული მხარისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს.

„მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მტკივნეულია ეს პრობლემა, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე; აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებ სასულიერო პირებს და მრევლს. ასევე მივმართავთ როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად, რათა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს", – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველო და აზერბაიჯანი საერთო საზღვრის ტერიტორიას ერთად დაათვალიერებენ>>

ამასთან, როგორც პატრიარქი ბრძანებს, ქართული ეკლესია მზადაა ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. „ვიმედოვნებთ, ორივე მხარე, ღვთის წყალობით, შევძლებთ პრობლემების დაძლევას", – აღნიშნავს ილია მეორე.

პატრიარქმა ასევე მიულოცა აზერბაიჯანელ ხალხსა და ქვეყნის ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღე და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მათ შორის, უდაბნოს მონასტერი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს.

თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (39)

მთავარი თემები