თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა და რწმენა გამოთქვა, რომ ორი სახელმწიფო ამ მდგომარეობიდან გამოსავალს აუცილებლად იპოვის.
საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ ქვეყანაში აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით არ შეწყვეტილა.
საქართველო და აზერბაიჯანი საერთო საზღვრის ტერიტორიას ერთად დაათვალიერებენ>>
ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული მხარე დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის მშენებლობას განაგრძობს. ქართულმა მხარემ მოითხოვა შესაბამისი განმარტება და ასევე მოითხოვა, რომ საზღვრის სადავო მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალოს, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„სამწუხაროა ის, რაც ხდება დავით გარეჯის გარშემო. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან ერთად გამოსავლის მოძებნას. ამ შემთხვევაში საჭიროა მოლაპარაკებები, საჭიროა საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოსავალი მოიძებნება. ჩვენ, მათ შორის პარლამენტიც, აქტიურად ვიქნებით ჩართული ამ ყველაფერში. დარწმუნებული ვარ, ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება", - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გზის გაყვანა დავით-გარეჯისკენ აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ის შეჩერდა რამე გაუგებარი საკითხების აღმოცენების თავიდან არიდების მიზნით.
პრემიერმა აღნიშნა, რომ დავით-გარეჯის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე საქართველოს მთავრობა განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
ამჟამად დავით-გარეჯ9ის მიმდებარე ტერიტორიიდან სპეცტექნიკა გაყვანილია.
ამ დღეებში, რვა წლის შემდეგ, მუშაობა განაახლა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ერთობლივმა კომისიამ. რიგით მეთორმეტე სხდომა ბაქოში გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტების დონეზე ჩაატარონ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივი დათვალიერება და ამის შემდეგ განაგრძონ მოლაპარაკებები.
საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.
დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.
დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.
დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მათ შორის, უდაბნოს მონასტერი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს.