საქართველო და აზერბაიჯანი საერთო საზღვრის ტერიტორიას ერთად დაათვალიერებენ

© Photo: courtesy of Miho Neimanდავით-გარეჯი
დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ და აზერბაიჯანმა საზღვრის სადავო მონაკვეთებზე მოლაპარაკებები რვა წლის შემდეგ განაახლეს

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიების წევრები შეთანხმდნენ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივი დათვალიერების ჩატარებაზე, ექსპერტების დონეზე, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ილია მეორემ დავით-გარეჯთან შექმნილი ვითარება ქვეყნის მუსლიმ სასულიერო პირებთან განიხილა >>

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ ქვეყანაში აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით არ შეწყვეტილა.

„განხილულ იქნა სახელმწიფო საზღვრის გავლების საკითხები და ასევე მოხდა ყველა შეუთანხმებელი მონაკვეთის დეტალური განხილვა... მხარეები შეთანხმდნენ მოახდინონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა და შეფასება, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომისიის ახალი, რიგით მე-12 სხდომა რვა წლის შემდეგ ბაქოში გაიმართა. მორიგი სხდომის გამართვა თბილისში დაიგეგმა. თარიღი შეთანხმებული იქნება დიპლომატიური არხებით.

დავით-გარეჯის მონასტერი - Sputnik საქართველო
პრემიერი: აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის თემაზე მოლაპარაკება რთული იქნება

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა.

ქართულ-აზერბაიჯანულ საზღვართან დაკავშირებული ყველა პრობლემის გადაჭრა ერთ რაუნდში ვერ მოხერხდება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პირველი არხის ეთერში.

მოლაპარაკებები ბაქოში გაგრძელდა ორ დღეს - 23 და 24 მაისს. ქართული მხრიდან კომისიას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხალაფ ხალაფოვი.

დღეისათვის აზერბაიჯანთან საზღვრის 2/3 შეთანხმებულია.

„ეს არის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. უმძიმესი მემკვიდრეობაა, რაც ჩვენ გვერგო, საბჭოთა მემკვიდრეობა. ყველა პრობლემა რა თქმა უნდა, ვერ მოგვარდება, ვერც ერთ და ვერც ორ რაუნდში, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა. ძალიან მგრძნობიარე საკითხები დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, მათ შორის, უმთავრესი რა თქმა უნდა, დავით-გარეჯი და მის მიმდებარედ შექმნილი სიტუაციაა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ვნებათაღელვა დავით-გარეჯის ირგვლივ: აზერბაიჯანის ელჩი საპატრიარქოში მივიდა >>

მისი თქმით, კომისიის სხდომაზე ქართულმა მხარემ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და ელოდება შესაბამის განმარტებებს აზერბაიჯანელი პარტნიორებისგან.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სურვილი და ასევე პარტნიორების სურვილი არის, რომ ეს შეთანხმებები იყოს ჩვენი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, სხვაგვარად არც შეიძლება, რადგანაც სტრატეგიული პარტნიორობა დიდწილად განსაზღვრავს ყველა საკითხს, რომელიც არის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ.

დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საკითხში

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მათ შორის, უდაბნოს მონასტერი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს.

დავით-გარეჯის კომპლექსის ტერიტორიას აზერბაიჯანელი ისტორიკოსები კეშიკჩიდაღს უწოდებენ და ის „აზერბაიჯანის ქვის ხსოვნად“ მიაჩნიათ. მათი მტკიცებით, კომპლექსი კავკასიური ალბანეთის ისტორიას განეკუთვნება.

ყველა ახალი ამბავი
0