ელჩი: თურქეთი ტაო-კლარჯეთის ტაძარში საპირფარეშოს მშენებლობას არ დაუშვებს

© courtesy of Buba Kudavaდოლისყანის ტაძარი
დოლისყანის ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტაო-კლარჯეთში ქართულ ტაძარში საპირფარეშოების მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ სოციალურ ქსელში ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ გაავრცელა

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ დაუშვებენ დოლისყანის კარიბჭეში საპირფარეშოს მშენებლობას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას განცხადებაზე დაყრდნობით.

ტაო-კლარჯეთში მე-10 საუკუნის ქართულ ტაძარში საპირფარეშოების მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფოტო-მასალასთან ერთად გუშინ სოციალური ქსელში ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, დოლისყანის კარიბჭეში ორმოები უკვე ამოთხრილია და ნაწილზე რკინის ცხაურია დამონტაჟებული. ფოტომასალაში ჩანს მილები და ტაძარში მოთავსებული სამშენებლო მასალაც.

გიორგი ჯანჯღავა ტაო კლარჯეთში მდებარე X საუკუნის ცნობილ ქართულ ტაძარში დოლისყანის კარიბჭეში საპირფარეშოს შესაძლო აშენების საკითხზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თურქული მხარე მსგავს მშენებლობას არ დაუშვებს.

„თურქული მხარის თქმით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას დოლისყანის ტაძარში საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ და ასევე, არ გააჩნიათ მსგავსი პროექტი, თუმცა შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად გამოიკვლევდნენ ამ საკითხს. ასევე, მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ადგილი აქვს ადგილზე თვითნებურ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ დაუშვებენ მსგავს მშენებლობას“, - აღნიშნა ელჩმა.

მიშა დარჯანია - Sputnik საქართველო
არსენა 3D ფორმატში და ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლების ვირტუალური რესტავრაცია–სკანირება

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემაც.

„რაც სურათებში ჩანს, თუ ეს ნამდვილად ტაძართან ხდება ან მის მიმდებარედ, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხის მოკვლევა თავისი არხებით დაიწყო. ჩვენი საელჩო არის ჩართული, რომ ფაქტის დადასტურება მოხდეს. პირველ რიგში ფაქტის უტყუარობა უნდა დადგინდეს, რომ ნამდვილად დოლისყანასთან გვაქვს საქმე, რათა შემდგომში რეაგირება დაიგეგმოს“, - განაცხადა ანთიძემ.

მისი თქმით, დღის ბოლომდე ახალი ინფორმაცია იქნება ცნობილი, დასტურის შემთხვევაში კი, უკვე პასუხისმგებელი პირები გამოიკვეთებიან. ანთიძის განცხადებით, ფაქტზე რეაგირება თურქეთის ხელისუფლების კომპეტენცია იქნება.

ბოლო ინფორმაციით, ტაძრის კარიბჭეში საპირფარეშოების მოწყობა სოფლის ინიციატივა ყოფილა.

სახანძრო - Sputnik საქართველო
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაიწვა

„დღეს, სულ ახლახან, დოლისყანაში ჩავიდნენ შესაბამისი უწყებების თანამშრომლები. როგორც გაირკვა, ტაძრის კარიბჭეში ტუალეტის მოწყობა სოფლის ინიციატივა ყოფილა. მათი წარმოდგენით, საპირფარეშო ტურისტებს მოემსახურებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ არ ჰქონდა არც ადგილობრივ ხელისუფლებას და არც კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს“, - ახლახან დაწერა სოციალურ ქსელში ბუბა კუდავამ.

როგორც ელჩს აცნობეს, სამუშაოები უკვე შეწყვეტილია.

დოლისყანა შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური მონასტერია ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. სამონასტრო კომპლექსიდან მხოლოდ მთავარი ტაძარია შემორჩენილი, დანარჩენი ნაგებობები კი უკვე XIX საუკუნისათვის მთლიანად იყო განადგურებული.

ყველა ახალი ამბავი
0