არსენა 3D ფორმატში და ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლების ვირტუალური რესტავრაცია–სკანირება

გამოწერა
სტანდარტულ გზას არასოდეს მიჰყვება, არ იფარგლება ერთი კონკრეტული სფეროთი და დაინტერესებულ თემას ყოველთვის კომპლექსურად იკვლევს. ამიტომ გამოდის მისი საქმიანობის პროდუქტი ასეთი სრულყოფილი და გამორჩეული. მას ეკუთვნის მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ტაო-კლარჯეთში არსებული ისტორიული ძეგლის ოშკის ტაძრის ვირტუალურ რესტავრაციას და 3D სკანირებას გულისხმობს.

ჩართული იყო ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტში, რომლის მიზანი ძველი ქართული ხელნაწერების შესაქმნელად საჭირო ხელსაწყოების, მათი გამოყენების წესისა და თანმიმდევრობის აღდგენა იყო. ქმნის ილუსტრაციებს ქართული ზღაპრებისთვის. ბოლო დროს მოთხრობების წერა დაიწყო. საუბარია ნიჭიერ მხატვარ მიხეილ დარჯანიაზე, რომელთან საუბარსაც ახლა გთავაზობთ.

© Photo: Courtesy of Misho Darjaniaმიშო დარჯანია ოჯახთან ერთად
მიშო დარჯანია ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
მიშო დარჯანია ოჯახთან ერთად

– ბატონო მიხეილ, კლასიკური განათლება გაქვთ მიღებული და თქვენი ცოდნა ხელოვნების მარტო ერთი სფეროთი არ შემოიფარგლა…

— პირველ რიგში, გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩემი საქმიანობით, ხელოვანისთვის ეს უმთავრესი სტიმული და მოტივატორია. რაც შეეხება განათლებას, სიმართლე გითხრათ, სტიქიურად განვითარდა. ოჯახში მამა მოქანდაკეა, რომელიც თავის დროზე ბიოლოგი იყო, დედა — ფიზიკოსი, რომელიც ამჟამად ჩვენი არტ-გალერეის ერთ-ერთი მენეჯერია, ასე რომ, ბავშვობიდან მიჩვეული ვარ და ნორმაა ის, რომ მხოლოდ ერთ სფეროზე გაჩერება დოგმა არ არის. პირიქით, რაც უფრო მეტ სფეროს მოიცავ, მით უფრო უნივერსალური განათლება გიყალიბდება. ჩემი პირველი მოგონებებიც ხატვას უკავშირდება.

© Photo: Courtesy of Misho Darjaniaოშკის ვირტუალურ რესტავრაციაზე მუშაობის პროცესი
ოშკის ვირტუალურ რესტავრაციაზე მუშაობის პროცესი - Sputnik საქართველო
ოშკის ვირტუალურ რესტავრაციაზე მუშაობის პროცესი

– როდესაც აბიტურიენტობის დრო მოვიდა, მაინც სხვა ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტეთ?

— დიახ, ავირჩიე კომპიუტერული გრაფიკა ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც იმ დროს არცთუ ისე განვითარებული იყო ქართულ სივრცეში. ძიება ამით არ დასრულებულა, შემდგომ წლებში გადავედი სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, ერთი წლის შემდგომ კი ისევ ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე გადავედი. შეიძლება ვინმემ ეს არასტაბილურობად ჩათვალოს, თუმცა ის კომბინირებული გამოცდილება, რაც მომცა სხვადასხვა სფეროებმა, იქნებოდა ეს ადამიანური თუ ტექნიკური ხასიათის, ჩემთვის ფასდაუდებელი აღმოჩნდა. მეტსაც ვიტყვი, რომ არა სიახლეების მუდმივი ძიება, დღეს შეიძლება იქ არ ვყოფილიყავი, სადაც ვარ. ბაკალავრიატის შემდგომ მაგისტრატურა გავაგრძელე ილიას უნივერსიტეტის კომპიუტერული გრაფიკის პროგრამაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ახლა აღარ ფუნქციონირებს. საბოლოოდ მოვედი სამხატვრო აკადემიამდეც, სადაც ამჟამად სადოქტორო თემას ვასრულებ. სამხატვრო აკადემიამ ერთგვარად შეაჯამა და შეკრა ყველა ის კომპეტენცია და გამოცდილება, რაც გამაჩნდა და საშუალება მომცა საბოლოოდ ჩამოვყალიბებულიყავი და განმესაზღვრა საკუთარი თავი, როგორც არტისტი და ზუსტად დამენახა ჩემი როლი.

© Photo: Courtesy of Misho Darjaniaმიშო დარჯანიას "სიზმარი"
მიშო დარჯანიას სიზმარი - Sputnik საქართველო
მიშო დარჯანიას "სიზმარი"

– ბევრ საინტერესო პროექტში ხართ ჩართული, მათ შორის მნიშვნელოვანია ოშკის ტაძრის ვირტუალური რესტავრაცია…

— ოშკის ტაძრის ვირტუალური რეკონსტრუქცია ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ პროექტს წარმოადგენს და მას ბევრი სასიამოვნო მოგონება უკავშირდება. არქიტექტურულმა განათლებამ შემაყვარა მოცულობითი ფორმები, სივრცეში ქანდაკება, რაშიც ჩვენი ხუროთმოძღვრები ვირტუოზები იყვნენ. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე მინდა აღვნიშნო, იმ დროს რომ საკულტო არქიტექტურა იქმნებოდა, დღევანდელი, სამწუხაროდ, მასთან ახლოსაც ვერ მივა! გარდა იმისა, რომ გენიალური იყო საინჟინრო გადაწყვეტილება, მათში შინაარსი და ვიზუალური ნარატივი იყო. ეს არ იყო მხოლოდ ფუნქციონალური შენობა-ნაგებობა, შეიძლება ითქვას, რომ მათ სული გააჩნდათ. სწორედ ამგვარმა ხედვამ მომანდომა, რომ მსგავსი არქიტექტურის პოპულარიზაციასა და კონსერვაციაში ჩემი პატარა წვლილი შემეტანა. ბუნებრივად მოხდა, რომ ჩემ გარშემო აღმოჩდნენ ადამიანები, რომელთაც ეს საკითხი ჩემ მსგავსად აინტერესებდათ.

© Photo: Courtesy of Misho Darjaniaოშკის ტაძრის ერთ-ერთი რელიეფის სკანირებული მოდელის მიშა დარჯანიასეული რესტავრაცია და შემდგომ CNC საჭრელი მანქანით ბზაში დამზადება
ოშკის ტაძრის ერთ-ერთი რელიეფის სკანირებული მოდელის მიშა დარჯანიასეული რესტავრაცია და შემდგომ CNC საჭრელი მანქანით ბზაში დამზადება - Sputnik საქართველო
ოშკის ტაძრის ერთ-ერთი რელიეფის სკანირებული მოდელის მიშა დარჯანიასეული რესტავრაცია და შემდგომ CNC საჭრელი მანქანით ბზაში დამზადება

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ჩემი უფროსი კოლეგის, ბატონ მალხაზ ლეკვეიშვილის კომპანია “საინჟინრო აზრი” და ის თავდაუზოგავი შრომა, რაც მან გაწია ოშკის 3D სკანირების დროს. მოგეხსენებათ, ადგილობრივებში თავისებურ გაღიზიანებას იწვევს  ნებისმიერი “ქართული” გამოვლინება და ყოველთვის, როდესაც ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე ხედავდნენ მეცნიერთა და მკვლევართა ჯგუფებს, ცდილობდნენ, რომ მათთვის ერთგვარი დისკომფორტი შეექმნათ. მადლობა ღმერთს, დღეს ეს სიტუაცია გამოსწორდა. პროექტზე მუშაობის დაწყებამდე ვიყავი ნამყოფი ტაო-კლარჯეთში, რამაც ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა. თუმცა საჭირო იყო იქ ხელახლა სტუმრობა. ექსპედიცია დაიგეგმა შესანიშნავი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ფონდი “გელინოს” მიერ, რომელიც იმჟამად კონკრეტულად ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების პოპულარიზაციას ეწეოდა. ამგვარად დამატებითი სამუშაოების გამოყენებით შესაძლებელი იყო ოშკის ვირტუალური რესტავრაციის პროექტზე მუშაობის სრული ძალებით დაწყება.

– რამდენადაც ვიცი, ამას დაემთხვა თქვენი მივლინება ამერიკაში, სადაც ტრენინგები უნდა გაგევლოთ 3D ტექნოლოგიებზე. როგორ წაგადგათ იქ მიღებული გამოცდილება?

— ზუსტად ერთ თვეში მომიწია ილიაუნიდან გაცვლითი პროგრამით მივლინება შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში, სადაც 3D ტექნოლოგიებზე ტრენინგი უნდა გაგვევლო. წარმატების ყველაზე დიდი ინდიკატორი ის იყო, რომ დასკვნით კონფერენციასა და გამოფენაზე, რომელიც იმართება წელიწადში ერთხელ, სან–ფრანცისკოში UC Davis-ის მიერ ნიმუშად სწორედ ოშკის ვირტუალური რეკონსტრუქციის პროექტი იყო წარმოდგენილი. ეს ძალიან საამაყო და ბედნიერების მომნიჭებელი მომენტი იყო. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, მოკლედ ავხსნი, თუ რას წარმოადგენს ეს რეკონსტრუქცია: დღევანდელი ტექნოლოგიური მიღწევები ჩვენ საშუალებას გვაძლევს სახლიდან გაუსვლელად ვესტუმროთ ამა თუ იმ ლოკაციას და მისი აღქმა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული გამოცდილებით მოვახდინოთ. რაც მთავარია, ძეგლის სამუდამო კონსერვაცია უწვრილეს დეტალებში ხდება. გაუთვალისწინებელი კატასტროფის შემთხვევაში, იქნება ეს მიწისძვრა თუ სხვა ფაქტორი, ძეგლის განადგურების შემთხვევაში ჩვენ უკვე გვაქვს მისი ზუსტი ვირტუალური ასლი, რაც მისი რესტავრაციის საქმეში შეუცვლელ ინფორმაციას წარმოადგენს. ამგვარად, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების პოპულარიზაციის დიდ საქმეში ჩემი წვლილი შევიტანე.

© Photo: Courtesy of Misho Darjaniaმიშო დარჯანიას შემოქმედება
მიშო დარჯანიას შემოქმედება - Sputnik საქართველო
მიშო დარჯანიას შემოქმედება

– თქვენ აბულის ციხის ვირტუალური ტურის მოსამზადებელი სამუშაოსთვის უძველესი აბულის ციხის მაკეტის სკანირებაც მოახდინეთ…

— აბულის ციხის ვირტუალური ტურის შექმნას უფრო საგანმანათლებლო ხასიათი ჰქონდა. იმ დროისთვის ვმუშაობდი ილიაუნში მოწვეულ ლექტორად, სადაც არქიტექტურის სტუდენტებმა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისადმი ინტერესი გამოხატეს. პროექტის ძირითადი მიზანი იყო ახალი თაობისთვის მეჩვენებინა, რომ პრაქტიკული ზღვარი რეალურ ობიექტებსა და ციფრულ ინფორმაციას შორის თანდათან ქრება და ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია აზროვნების მსვლელობისას ორივე მეთოდიკაზე პარალელურად ვიფიქროთ. მერწმუნეთ, ძალიან სახალისო მომენტია, როდესაც ვირტუალური რეალობის საშუალებით შენ მიერ შექმნილი მაკეტის კედლებში თავად მოძრაობ და დააბიჯებ. ამ დროს თავს ერთგვარ შემოქმედადაც გრძნობ, რომელმაც პატარა სამყარო შექმენი და ახლა შეგიძლია, რომ ის დაათვალიერო. მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა სტუდენტებისთვის ახლებურად მეჩვენებინა მოცულობითი არქიტექტურის მაკეტირება.

– ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტისთვის ეროვნულ საცავებში დაცულ კონკრეტულად რომელი საისტორიო საბუთის ელექტრონულ ვერსიაზე იმუშავეთ?

— რაც შეეხება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ეს იყო ერთ-ერთი პირველი პროექტი ქართულ სამეცნიერო სივრცეში, რომელიც თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს პრაქტიკული კუთხით მიუდგა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა – აღგვედგინა ძველი ქართული ხელნაწერების შესაქმნელად საჭირო ხელსაწყოების ვიზუალი, მათი გამოყენების წესი და თანმიმდევრობა. ჩვენამდე მოსული იყო მხოლოდ სახარების მინიატურები, სადაც ხშირ შემთხვევაში უცხო და უნიკალური ფორმის ხელსაწყოებს ვხვდებოდით. წმინდა თეორიული მიდგომით აღნიშნული საკითხის კვლევა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, ამიტომ საქმეს მარტივად მივუდექით: ჩვენ დავამზადეთ ზემოაღნიშნული ხელსაწყოები, მიუხედავად იმისა, ვიცოდით თუ არა მათი გამოყენების წესი და შემდგომ ჩავატარეთ გამოკითხვა და პრაქტიკული ანალიზი ისეთ მონათესავე დარგების ოსტატებთან, როგორიცაა დურგალი, ტყავის დამმუშავებელი, მეწაღე, მჭედელი, გამტყავებელი და ა.შ. ქართულ სახარებისეულ მინიატურებს ვადარებდით ევროპული ხელნაწერების მინიატურებს, ვითვალისწინებდით ჩვენ გეოპოლიტიკურ მდებარეობასა და გავლენებს. რა თქმა უნდა, მათ დამზადებამდე 3D მოდელირება და ვირტუალურ რეალობაში მათი გატესტვა მოხდა. მინდა გავიხსენო ის საოცარი შთაბეჭდილება და მუხტი, რაც მაშინ საერთაშორისო სიმპოზიუმზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩვენმა პროექტმა გამოიწვია, რამაც დაგვარწმუნა, რომ დასახულ ამოცანას თავი წარმატებით გავართვით.

© Photo: Courtesy of Misho Darjaniaმიშო დარჯანიას მიერ შექმნილი სულხან-საბას იგავის 3D ანიმაციის ერთ-ერთი პერსონაჟი – კუ
მიშო დარჯანიას მიერ შექმნილი სულხან-საბას იგავის 3D ანიმაციის ერთ-ერთი პერსონაჟი – კუ - Sputnik საქართველო
მიშო დარჯანიას მიერ შექმნილი სულხან-საბას იგავის 3D ანიმაციის ერთ-ერთი პერსონაჟი – კუ

– თქვენ ზღაპრისა და იგავ-არაკების ილუსტრაციებიც გაქვთ შექმნილი, თქვენი დამოკიდებულება ზღაპრისადმი კარგად ჩანს თქვენ ნახატებშიც, სადაც ირეალური და მისტიკური თემატიკაცაა…

— ჩემი აზრით, ზღაპარი ადამიანს იმის საშუალებას აძლევს, რომ არ იყოს მოქცეული ყოველდღიურ, მომაბეზრებელ რეალობაში. შექმნილი მაქვს ქართული იგავ-არაკების და ლეგენდების გმირების 3D პერსონაჟები, მათ შორისაა სახალხო გმირი არსენა ოძელაშვილი. ალბათ ეს ყველაფერი იქიდან მომდინარეობს, რისკენაც ადამიანს გული მიუწევს. არ მჯერა, რომ რასაც ჩვენ გარშემო ვხედავთ, ცხოვრება და ყოფა მხოლოდ ესაა. წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ხილული სამყაროს იქით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად არის. უფრო მეტიც, მგონია, რომ სწორედ ის არის მთავარი. სწორედ ამიტომ ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა ყოველთვის მიზიდავდა, რადგან ყველაზე მეტად ეხმიანებოდა ჩემ წარმოდგენებს ზოგადად სამყაროზე.

© Photo: Courtesy of Misho Darjaniaმიშო დარჯანიას მიერ შექმნილი პერსონაჟი “არსენა” მოკლე 3D ანიმაციისათვის
მიშო დარჯანიას მიერ შექმნილი პერსონაჟი “არსენა” მოკლე 3D ანიმაციისათვის - Sputnik საქართველო
მიშო დარჯანიას მიერ შექმნილი პერსონაჟი “არსენა” მოკლე 3D ანიმაციისათვის

– მუდმივად სიახლეების ძიებაში ხართ და ამჯერად, თურმე, პროზაშიც სცადეთ ბედი…

— დიახ, მოცემულ მომენტში მოთხრობების პატარა კრებულზე ვმუშაობ. რომ არ დაგიმალოთ, ძალიან მაშინებს ის მომენტი, როდესაც სხვა წაიკითხავს მას, რადგან აღნიშნულ სფეროში გამოცდილება არ გამაჩნია. უბრალოდ, ერთ დღეს ჩანახატების წიგნაკში ტუშით შესრულებულ ჩანახატებზე მინაწერების გაკეთება დავიწყე. თანდათან მინაწერების ზომა და შინაარსი იზრდებოდა და ერთმანეთს ებმოდა, რამაც საბოლოოდ პატარა სამყაროს შექმნამდეც მიმიყვანა. არაფერი ისეთ ბედნიერებასა და სიამოვნებას არ მანიჭებს, როგორც რაღაცის შექმნა, თავად პროცესია მნიშვნელოვანი. მგონია, რომ თუ რაიმე არსებობს ჩვენ წამოსახვაში, მაგალითად, ზღაპარი, ის ცოტათი რეალურადაც არსებობს, რადგან ფიქრიც მატერიაა, პატარ-პატარა ელექტრონები, რომლებიც მუდმივად მოუსვენრად მოძრაობენ და ჩვენი აზრების მიხედვით გადაადგილდებიან. იმედია, არასოდეს დადგება ჩემ ცხოვრებაში დღე, როცა ზღაპარი და ფენტეზი ჩემთვის უინტერესო გახდება…

 

ყველა ახალი ამბავი
0