თბილისი, 16 მარტი — Sputnik. გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 12 სამხედროს ნეშტები პატივით დაკრძალეს.
ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა.
პარასკევს სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. დაღუპულთა ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, დეპუტატებმა და ქვეყნის რიგითმა მოქალაქეებმა.
საქართველოს ტერიტორიაზე 1990-იან წლებში და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად 2,3 ათასზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
„26 წელი გავიდა მას შემდეგ, ისინი დღემდე ეძებდნენ მათ ნათესავებს როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს. საუბედუროდ, მათი იდენტიფიცირება მოხერხდა, როგორც დაღუპულების. მოხდა მათი გადმოსვენება და დღეს ამ ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ისევე როგორც მთლიანად ჩვენი საზოგადოებისათვის; ჩვენ გვეცოდინება ჩვენი გმირების საფლავები“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.
თბილისის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს სამი სამხედრო, ხოლო დანარჩენი სამხედროების ნეშტები მათმა ოჯახებმა ოჯახურ სასაფლაოებზე დაკრძალეს.
2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, 1992-1993 აფხაზეთში საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომლის მუშაობის შედეგად მოძიებულია 500 ადამიანის ნეშტი, საიდანაც 200 იდენტიფიცირებულია. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი გრძელდება.