თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, თბილისი - ამ ქალაქების ჰაერში მავნე ნივთიერებების შედარებით მაღალი შემცველობაა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
თბილისში გასულ კვირას ოთხ ადგილას აღებული სინჯების ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტყვიის შემცველობა ჰაერში დადგენილ ნორმებს არ აღემატება.
სინჯები აიღეს ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში (მეათე კვარტალში ორ ადგილას, მესამე კვარტალში), თრიალეთის ქუჩაზე.
რაც შეეხება სხვა მავნე ნივთიერებებს, ამ ადგილებში გამოვლინდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) მაღალი შემცველობა.
მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ნორმის გადაჭარბება 6-10 მარტს დაფიქსირდა ქუთაისში, თბილისში, ბათუმში. ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიული კვლევის შედეგები.
მყარი ნაწილაკების წლიური საშუალო ნორმის გადამეტება თბილისში დაფიქსირდა წერეთლის გამზირზე და ყაზბეგის გამზირზე. ქუთაისსა და ბათუმში ამ მავნე ნივთიერებების უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა.
აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის წლიური ნორმის გადამეტება ბოლო დღეებში დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე.
აზოტის დიოქსიდი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სასუნთქ გზებზე, იწვევს თვალების გაღიზიანებას, ყნოსვის შესუსტებას. დიდი ხნის ზემოქმედების შედეგად ვითარდება ბრონქიტი, ფილტვების ანთება.
საიდანაა სახლებში ტყვია? მოხალისეები თბილისურ ოჯახებს შეისწავლიან>>
მყარი ნაწილაკებით (РМ — particulate matter) ატმოსფეროს დაბინძურება ფართოდ არის გავრცელებული. ეს ნაწილაკები და ასევე სხვა ჰაერის სხვა დამაბინძურებლებთან კომბინაციაში ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ისნი ღრმად აღწევენ ფილტვებში და იქ „მკვიდრდებიან".
საქართველოში ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე კვლევა გახანგრძლივდა>>
ტყვია ჰაერშია უმცირესი ნაწილაკების სახით, რომელსაც გამოყოფს ავტომობილი გამონაბოლქვთან ერთად, ან ორთქლდება ტყვიის საფუძველზე დამზადებული საღებავიდან და ა. შ. ტყვია თუ ადამიანის ორგანიზმშია, მისი პოვნა შესაძლებელია სისხლსა და შარდში. ის ასევე გროვდება ძვლებში, თმასა და კბილებში. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვებში.