თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო გამდიდრდა და მილიარდერების სიაში საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გაიუმჯობესა.
რეიტინგში ივანიშვილმა 4,9 მილიარდი დოლარით 365-ე ადგილი დაიკავა.
ღარიბაშვილმა პოლიტიკაში და „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნების მიზეზები დაასახელა>>>
ერთი წლის განმავლობაში მან თავისი კაპიტალი 0,2 მილიარდი დოლარით გაზარდა. შარშან იგი მსოფლიო მილიარდერებს შორის 465-ე ადგილზე იყო.
ქართველი მილიარდერი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველად 2006 წელს გამოჩნდა, მაშინ მისი კაპიტალი 3,9 მილიარდი დოლარი იყო. ივანიშვილის მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 2008 წელს – 143-ე ადგილი 6,4 მილიარდი დოლარით.
Forbes-ის ლიდერთა სამეულშია ონლაინ-რიტეილერი Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი 131 მილიარდი დოლარით.
მეორე ადგილზეა ამერიკული კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი 96,5 მილიარდი დოლარით. ხოლო საინვესტიციო ფონდ Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელმა უორენ ბაფეტმა 82,5 მილიარდი დოლარით საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.
სულ გამოცემამ 2 153 მილიარდერი დათვალა, რომელთა მთლიანი შემოსავალი 8,7 ტრილიონი დოლარია.
ბიძინა ივანიშვილმა კაპიტალი რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა, შემდეგ კი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ქველმოქმედებას ეწეოდა. 2011 წელს მან პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დააფუძნა, რომელიც კოალიციაში სხვა ოთხ პარტიასთან ერთად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა. პარტია "ქართულმა ოცნებამ" ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობა დაასრულა.