თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე მსჯელობისთვის არც თავად ბრალდებულსა და არც მის ადვოკატებს არ მოუმართავთ, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე, სხვა თემებთან ერთად, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ამის თაობაზე შეკითხვა დაუსვეს.
მარგველაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი ბრიფინგის პირობებში ვერ განიხილება და განმარტა, რომ დეკანოზის შეწყალების თაობაზე არც თავად გიორგი მამალაძესა და არც მის ადვოკატებს არ მიუმართავთ.
„ბრიფინგზე არ განიხილება მსგავსი საკითხი. დისბალანსის პარალელურად, რაშიც იგულისხმება პოლიტიკურად მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, ამ საქმეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც დაერთო, თუმცა საკითხის განხილვას და დეტალურად მსჯელობას არ ვაპირებ ამ ეტაპზე და შემდეგში გადავხედავ საკითხს“, — განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საკითხზე დეტალურად მსჯელობას არ აპირებს. შესაბამისად, კითხვაზე, ხომ არ აპირებს შეიწყალოს დეკანოზი გიორგი მამალაძე, პრეზიდენტმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში არ მიიღო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის