უზენაესმა სასამართლომ საუკუნის საქმის განხილვაზე უარი განაცხადა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობის მომზადებისთვის მსჯავრდებული მღვდელმსახურის, გიორგი მამალაძის ადვოკატები გეგმავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში არ მიიღო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, ნათქვამი სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: ნიკა გვარამიასთან შეხვედრა ილია მეორის ინიციატივით არ შემდგარა

გიორგი მამალაძე გასული წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც, სხვებთან ერთად, შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. გამოძიების ინფორმაციით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის სექტემბერში შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, მამალაძის ადვოკატების საჩივარი და საქართველოს პროკურატურის საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ მასში წარმოდგენილია სამართლებრივი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა ხელს უწყობს სამართლის განვითარებას.

„საჩივრები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი კანონიერია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებული პირის ბრალეულობა", — ნათქვამია განცხადებაში.

პატრიარქის მოსაზრებ მამალაძის საქმესთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. ამ საკითხს წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილავენ, რომელსაც მოუწევს გადაწყვიტოს, ჩამოართვას თუ არა დეკანოზის წოდება მამალაძეს.

ვანის და ბაღდათის ეპისკოპოსმა, მეუფე ანტონმა ტელეკომპანია Rustavi2-თან საუბრისას განაცხადა, რომ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს, სასულიერო პირებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ შეკითხვებს პასუხს სასამართლო გასცემდა. მას შემდეგ კი, რაც უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო, ახლა ეკლესიამ უნდა იმსჯელოს, როგორ და სად იპოვონ პასუხები მთავარ შეკითხვებზე.

სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
2017 წლის ყველაზე გახმაურებული დანაშაულები საქართველოში

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან მამალაძის ოჯახი და ადვოკატები. ისინი განაჩენის გასაჩივრებას სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აპირებენ.

„ეს არის პირდაპირი დავალება გარკვეული პიროვნებებისგან. მათ შორის პროკურატურისგან და საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან, რომ განხილვაშიც არ მიეღოთ (საჩივარი). ეს არის სამარცხვინო ფაქტი. ამის საფუძველი არ ჰქონდა უზენაეს სასამართლოს. აუცილებლად წავალთ სტრასბურგში და აუცილებლად გავასაჩივრებთ. სინოდს ურჩევნია, დეკანოზს მოუსმინოს, ვიდრე რაღაც-რაღაცებზე იმსჯელოს", — განაცხადა გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ყოფილი დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.

მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვოდა ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დააზარალებდა.

ყველა ახალი ამბავი
0