საპატრიარქო: ნიკა გვარამიასთან შეხვედრა ილია მეორის ინიციატივით არ შემდგარა

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეარხ Rustavi2-ის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გაუმხილა, რომ უნდა სთხოვოს პრეზიდენტს მკვლელობის მომზადებისთვის მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვედრა ტელეკომპანია Rustavi2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან ილია მეორის ინიციატივა არ შემდგარა, ნათქვამია საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ განმარტებაში.

„სამწუხაროდ, იმ დღესვე გავრცელდა და „შაბათის კურიერის“  „პრომოშიც“ გამეორდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა მოხდა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით, რაც არასწორია. ბ-ნმა ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გაწია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). ამას  ადასტურებს მეუფე ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც“, — ნათქვამია განმარტებაში.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქოს საგანგებო განცხადება: მოსალოდნელია თავდასხმები ეკლესიაზე

გვარამიამ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურთან შეხვედრა მოისურვა, რათა ესაუბრა დეკანოზ გიორგი მამალაძეზე, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის კვლელობის მომზადებისათვის 9 წლით პატიმრობა შეეფარდა.

„შევნიშნავთ იმასაც, რომ ბ-ნი ნ. გვარამიას მოსვლის მიზანი იყო, ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს. კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია  და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი (ანუ ნ.გვარამიას) ნებაა, თუ როგორ იმოქმედებს“, — აღნიშნეს საპატრიარქოში.

წარსულში გვარამია ადვოკატი იყო, მოგვიანებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, გენერალური პროკურორის მოადგილე, იუსტიციის მინისტრი და ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ტელეარხ Rustavi2-ს სათავეში ის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის შემოდგომაზე ჩაუდგა.

მამალაძე გასული წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც, სხვებთან ერთად, შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. გამოძიების ინფორმაციით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
„ციანიდის საქმემ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღწია

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის სექტემბერში შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ყოფილი დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.

მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვოდა ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დააზარალებდა.


ყველა ახალი ამბავი
0