თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილია დისკრედიტაციის ახალი ტალღა, არ არის გამორიცხული, რომ ამ კამპანიაში სასულიერო პირები ჩართონ, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საგანგებო განცხადებაში.
ბოლო დროს საქართველოს საპატრიარქო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ყველაზე ხმაურიანი გახდა ე.წ. ციანიდის საქმე — კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობა, რომელშიც დეკანოზი გიორგი მამალაძე არის ბრალდებული. გარდა ამისა, სასულიერო პირებს ხშირად აკრიტიკებენ ძვირადღირებული მანქანებისა და ბიზნეს-ინტერესების გამო. რამდენიმე კვირის წინ კი სასულიერო აკადემიაშიც სკანდალი აგორდა — მისი კურსდამთავრებულები აკადემიაში ლექტორების მხრიდან ძალადობაზე ალაპარაკდნენ.
საპატრიარქო მიმართავს ყველას, ვისაც გული შესტკივა ქვეყნისა და ეკლესიისათვის, გამოიჩინონ კეთილგონიერება, არ აყვნენ ცილისწამებებს და პროვოკაციებს.
„როგორც ჩანს, აქამდე განხორციელებულმა ქმედებებმა ზოგიერთისთვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ამიტომაც, ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული, რომ ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებულნი“, — ნათქვამია განცხადებაში.
ქართული ეკლესიის გამოყენება პოლიტიკურ თამაშებში სურთ, აღნიშნულია განცხადებაში.
საპატრიარქოში იმედოვნებენ, რომ უახლოეს დროში გაირკვევა, ვინ და რისთვის აკეთებს ამას. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია კი, უფლის მადლით, იყო, არის და იქნება ღვთისა და ერის სამსახურში და, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვას არასოდეს შეწყვეტს. საპატრიარქოში დარწმუნებულნი არიან, რომ მსგავსი შემოტევები ეკლესიას უფრო განამტკიცებს და გააძლიერებს, აღნიშნულია განცხადებაში.
ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ გარკვეული ძალებისთვის ყოვლად მიუღებელია ქართული ეკლესიის და კათოლიკოს-პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი, აცხადებენ საპატრიარქოში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ პირთათვის ასევე მიუღებელია, რომ ეკლესია იცავს ოჯახის სიწმინდეს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს, ზრუნავს მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის. მათთვის ასევე მიუღებელია, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება,,ელგებეტე” პირთა ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადებას, პროტესტს უცხადებს ნარკოლიბერალიზაციის არასწორ, სახიფათო ფორმებს და აზარტული თამაშების პროპაგანდას.გარდა ამისა, ზოგიერთებს არ მოსწონს, რომ ქარტული ეკლესია იღვწის, წმინდა მამათა მიერ დადგენილ კანონთა შესაბამისად, მართმადიდებლური სწავლების დაცვისთვის, აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.