„მშვიდობა ებრაელ ხალხს" - საქართველოს პირველი პირები ხანუქას დღესასწაულს ულოცავენ

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი სინაგოგაში
გიორგი კვირიკაშვილი სინაგოგაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველებისა და ებრაელების 26-საუკუნოვან მეგობრობას უნიკალური უწოდა

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ებრაელ ხალხს ხანუქად დღესასწაული მიულოცეს და მათ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს.

კვირიკაშვილი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად თბილისის სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულს დაესწრო. ებრაელები ამ დღეს მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად ზეიმობენ. ხანუქას სხვაგვარად „სინათლის დღესასწაულს" უწოდებენ. ის ითარგმნება, როგორც „განწმენდა" ან „განახლება".

„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ დღეს მე მივმართო ჩვენთვის ყველაზე ახლობელი და ყველაზე დიდი ხნის მეგობარი ერის წარმომადგენლებს. მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომლითაც აღინიშნება სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება. ჩვენთვის, ქართველებისთვისაც, ეს დღესასწაული სიმბოლურია და იქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, თბილისის ამ უბანში თავმოყრილია ყველა ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლობა, მაგრამ, საქართველოსთვის 26-საუკუნოვანი მეგობრობა ნამდვილად უნიკალურია", — განაცხადა კვირიკაშვილმა სინაგოგაში სიტყვით გამოსვლისას.

იერუსალიმი - Sputnik საქართველო
იერუსალიმი – ისრაელის დედაქალაქი? რას ფიქრობენ საქართველოში

მან აღნიშნა, რომ ორ მოძმე ხალხს ბევრი საერთო აქვს.

„საერთო გვაქვს ისტორია, მათ შორის ბრძოლის ისტორიაც, როდესაც ქართველები იბრძოდნენ ებრაელთათვის და ებრაელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ ქართველთათვის. მათ შორის, ვიბრძოდით ერთმანეთის საკულტო რელიგიური ნაგებობების გადასარჩენადაც", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სურს, სიმწარე და ტკივილი არც ქართველებმა და არც ებრაელებმა არ გამოსცადონ.

„როდესაც მე ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში იყოს მშვიდობა, ყველა ებრაულ ოჯახში იყოს მშვიდობა და რა თქმა უნდა, საქართველოში იყოს მშვიდობა და მთელს მსოფლიოში არავის ენახოს ატირებული ბავშვები", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ებრაელებს დღესასწაული მიულოცა ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„ქართველი ხალხის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეგობარ ერს — ებრაელებს ვულოცავ ხანუქას დღესასწაულს! ეს არის სინათლის დღესასწაული, რაც კეთილის ბოროტზე და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლოა. ამ დღესასწაულს თქვენთან ერთად ზეიმობს ქართველი ხალხიც, რადგან უდიდესია ებრაელი ერის ამაგი და შრომა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარებისათვის. ჩვენი მეგობრობა მრავალ საუკუნეს ითვლის და დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც — ქართველი ხალხი მუდამ იდგება ებრაელი ხალხის გვერდით. საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ხანუქას! გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას!", — აღნიშნულია კობახიძის მილოცვაში, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ისრაელის პრეზიდენტი რივლინი - Sputnik საქართველო
საქართველო და ისრაელი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზად არიან

მილოცვას უერთდება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

„ქართველთა და ებრაელთა ათასწლოვანი ურთიერთობა ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობის საუკეთესო მაგალითია. ეს ისტორიული მეგობრობა კიდევ უფრო ძლიერი და ღირსეული მომავლისკენაა მიმართული.

მთელი გულით ვიზიარებ თქვენ საზეიმო განწყობას და კეთილდღეობას, მშვიდობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენ ოჯახებს", — აღნიშნულია მარგველაშვილის მილოცვაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.

ხანუქას დღესასწაული ტაძრისა და სამსხვერპლოს განწმენდის სამახსოვროდ იყო დაარსებული. ის 8 დღეს გრძელდება. 2017 წელს ხანუქა 13 დეკემბერს აღინიშნება. დღესასწაულის აღნიშვნა წინა დღეს მზის ჩასვლისას იწყება.

 

ყველა ახალი ამბავი
0