თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თვალს ადევნებს მოვლენების განვითარებას და ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების საკითხთან დაკავშირებით პარტნიორებთან კონსულტაციებს აწარმოებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ. ტრამპის გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოწოდებით საქართველოს პრემიერს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა მიმართა.
„საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოფიციალური თბილისი გაეცნო აშშ–ის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორია და ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის გაეროშიც.
მანამდე საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება ძალზე სენსიტიური საკითხია. მისი სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს კონსულტაციების შემდეგ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კონიუნქტურისა და რეგიონში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით.
აშშ-ის კონგრესმა კანონი საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის შესახებ ჯერ კიდევ 1995 წელს მიიღო, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესრულება გაჭიანურდა. შესაბამის დოკუმენტს ყოველ ექვს თვეში აშშ–ის პრეზიდენტები აწერდნენ ხელს.
თუმცა, ტრამპმა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა. მისი სიტყვებით, 20 წელზე მეტია თითოეული პრეზიდენტი უარს ამბობდა ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანაზე ან იერუსალიმის, როგორც ისრაელის დედაქალაქად აღიარებაზე. ისინი, როგორც აცხადებს აშშ–ის პრეზიდენტი, ფიქრობდნენ, რომ ეს ნაბიჯი მშვიდობიან პროცესს დარტყმას მიაყენებდა.