14:01 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (1104)
42 0 0

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ქვეყანაში ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ჯერ არ გეგმავს.

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. საქართველოში ფასების ზრდა კორონავირუსის პანდემიითა და გლობალური პროცესებით არის გამოწვეული, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. 

2020 წლის ივნისიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში წლიურმა ინფლაციამ 9,9% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს).

ეს ბოლო 10 წლის მანძილზე ინფლაციის ყველაზე მაღალი დონეა. ბოლოს ფასების მკვეთრი ზრდა 2011 წელს დაფიქსირდა, როდესაც ინფლაციამ 10% შეადგინა.

„როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, მაღალი ინფლაცია დღეს უკვე გლობალური ტრენდია და გამოწვეულია პანდემიასთან დაკავშირებული მიზეზებით. საქართველოს შემთხვევაში ამჟამად ფასების ზრდას იწვევს საერთაშორისო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასები, მიწოდების შეზღუდვის ფონზე წარმოებაში მაღალი შუალედური ხარჯები. ასევე კომუნალური გადასახადების გაზრდა“, – განაცხადა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ დოლარში გამოხატული მსოფლიო ფასები შარშანდელ ნიშნულზე რომ დარჩენილიყო, საქართველოში ინფლაციის დონე 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდებოდა.

„ვვარაუდობთ, რომ ეს ტენდენია მალე დასრულდება და 2022 წლის ბოლოსთვის ინფლაცია 2,3%-ს შეადგენს, ამ პერიოდისთვის საშუალო ინფლაცია კი 2,8% იქნება“, – აღნიშნა გვენეტაძემ და დასძინა, რომ პროგნოზი არ შეიძლება საბოლოო იყოს. 

პანდემიას აქვს ერთი ძალიან ცუდი მხარე – ეს არის გაურკვევლობა, რადგან ყოველთვის შეიძლება რაღაც ახალი ფაქტორი გაჩნდეს, რომელმაც შეიძლება პროგნოზი არ გაამართლოს და სიტუაცია საერთოდ საპირისპირო მიმართულებითაც შეცვალოს, დასძინა მან.

ამავე დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაურკვევლობა იქნება ძირითადი ფაქტორი, რომელიც საქართველოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე იმოქმედებს.

„ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავაკვირდეთ, ხომ არ ძლიერდება ისეთი ფაქტორები ან მოლოდინები, რომელმაც გრძელვადიან პერიოდში შეიძლება ინფლაცია უფრო მაღალ დონეზე შეინარჩუნოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ გავამკაცროთ საპროცენტო განაკვეთი. თუმცა ასეთ გადაწყვეტილებას აუცილებლად ექნება თავისი საფუძველი. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ვერ ვხედავ აუცილებლობას, გაიზარდოს საპროცენტო განაკვეთი. თუმცა იმ გაურკვევლობიდან გამომდინარე, რაც პანდემიას თან ახლავს, ჩვენ ძალიან ფრთხილად ვიქნებით“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

მისი თქმით, რეფინანსირების საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 4 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა მიიღებს.

„წინასწარი შეფასებით, ჩვენ ძირითად სცენარში მშპ-ის უფრო მაღალი ზრდა გვექნება, ვიდრე 7,7%, სულ მცირე, 8%-ზე მეტი. ამის საფუძველს გვაძლევს ის ძალიან სოლიდური სიტუაცია და ბუფერები, რომლებიც კომერციულ ბანკებს აქვთ და რომლებიც ისევ და ისევ ეკონომიკის ლოკომოტივად რჩებიან“, – განაცხადა გვენეტაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ნეგატიური ფაქტორები პროგნოზებზე გავლენას არ მოახდენს.

საქართველოში ეკონომიკური პროგნოზების გაუმჯობესება კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებასთან და ტურიზმის ზრდასთან არის დაკავშრებული. ხელისუფლება მიმდინარე წლის შემოდგომისთვის ეკონომიკის სრული დატვირთვით აღდგენას გეგმავს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1104)

მთავარი თემები