13:52 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
90 0 0

იუსტიციის სამინისტრო ეძებს უცხოურ იურიდიულ ფირმას, რომელსაც ჰესების პროექტების შეფასების გამოცდილება აქვს.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი, რომელმა უნდა გამოავლინოს კომპანია, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას შეისწავლის, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გაუთავებელი პროტესტების გამო აპრილის ბოლოს იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტაციის შესწავლა დაავალა.

განცხადების თანახმად, იუსტიციის სამინისტრო ეძებს უცხოურ იურიდიულ ფირმას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად პროექტის შეფასებას გააკეთებს და იურიდიულ დასკვნას დადებს.

ამასთან კომპანიას ჰესების პროექტების შეფასების გამოცდილება უნდა გააჩნდეს. იუსტიციის სამინისტროს წინადადებები არაუგვიანეს 10 ივნისს უნდა წარედგინოს.

„ნამახვანჰესის“ პროექტთან რაიმე სახის შემხებლობის შემთხვევაში, განმცხადებელი ავტომატურად გამოეთიშება შერჩევის პროცესს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. ეს ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის" – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი".

ამასთან, ხეობაში წყალდიდობის თავიდან აცილების მიზნით კაშხლის საშუალებით წყლის დონის რეგულირება მოხდება.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

მთავარი თემები