ვითარება რიონის ხეობაში - აქციის ორგანიზატორები ხალხის მობილიზებას აანონსებენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliპოლიცია გუმათში
პოლიცია გუმათში - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2021
გამოწერა
რამდენიმედღიანი აქტიური პროტესტის შემდეგ რიონის ხეობაში აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ადგილი ჰქონდა მცირე დაპირისპირებას, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე განმუხტეს.

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ორ ბანაკად დაიყვნენ, ისინი Enka-ს ოფისთან და გუმათში, პოლიციის საგუშაგოსთან არიან შეკრებილები, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ხუთშაბათს და პარასკევს „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ აქციის რვა მონაწილე სამართალდამცველთა კორდონის გარღვევის მცდელობისას დააკავა, ამის შემდეგ მომიტინგეები გზაზე დადგმული რკინის ჯებირების დაზიანებას ცდილობენ.

აქცია ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
სოფელ გუმათში ვითარება დაიძაბა - დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე

ამ დროისთვის ადგილზე გუშინდელთან შედარებით მშვიდი ვითარებაა. ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს, როდესაც აქციის მონაწილეებმა კომპანია Enka-ს ოფისიდან ტექნიკას გამოსვლის საშუალება არ მისცეს, თუმცა სამართალდამცველებმა სიტუაცია მალევე განმუხტეს.

აქციის მონაწილეებმა კომპანიის ტექნიკის გადაადგილებისთვის ხელის შეშლა სცადეს, მაგრამ პოლიციამ მომიტინგეების გადაწევა შეძლო და ტექნიკა გაატარა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი პროტესტის გასაძლიერებლად მონაწილეების მობილიზებას ელოდებიან.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს კვლავ იგეგმება „ხმაურის აქცია“.  თბილისიდან დაბრუნების შემდეგ აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და პოლიციას მოუწოდებენ, რომ ბარიკადებს მიღმა გადასვლის საშუალება მისცეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ ჯებირების გამო, რომლებითაც არის გადაკეტილი გზა, ისინი სახლში წასვლას ვერ ახერხებენ. 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში თბილისიდან სამი დღის წინ დაბრუნდნენ და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ მობილიზებული საპოლიციო ძალები და რკინის კონსტრუქციები დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში პოლიციის მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ პროტესტი ისევ გუმათის დასახლებაში გაგრძელდება.

გუმათში პროტესტს წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები საქართველოს დედაქალაქში, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე 23 მაისს დაიწყო.

მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივი ვადით გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0